Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა მის მიერ წინა დღით ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდა


სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხალხი თვალს ადევნებს საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება. 6 იანვარი.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხალხი თვალს ადევნებს საინფორმაციო გამოშვებას, რომელშიც ნაჩვენებია ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვება. 6 იანვარი.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ, კორეის ცენტრალურმა სატელეგრაფო სააგენტომ, ხუთშაბათს დაადასტურა მონაცემები ქვეყნის მიერ წინა დღით რაკეტის გაშვების თაობაზე.

როგორც Reuters-ი იტყობინება, ფხენიანის თანახმად, 5 იანვარს წარმატებით გამოცადეს ჰიპერბგერითი რაკეტა, რომელმაც 700 კილომეტრამდე იფრინა და სამიზნე გაანადგურა. ეს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდის უკვე მეორე შემთხვევაა შარშან სექტემბრის შემდეგ.

ოთხშაბათს სამხრეთ კორეისა და იაპონიის სამხედროები იტყობინებოდნენ, რომ დააფიქსირეს რაკეტის გაშვება, რომელიც იაპონიის ზღვაში ჩავარდა. მათ დეტალები არ უხსენებიათ.

ჰიპერბგერითი იარაღი შემდეგი თაობის შეიარაღებად ითვალება და მის გამოცდას აწარმოებს ბევრი დიდი სახელმწიფო, მათ შორის აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ასეთი რაკეტები უფრო სწრაფად ითვლება, რაც ართულებს მათ აღმოჩენას არსებული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 5 იანვარს განხორციელებული გამოცდა არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებს და საფრთხეს უქმნის როგორც ჩრდილოეთ კორეის მეზობელ ქვეყნებს, ისევე მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას.

ფხენიანი განაგრძობს გამოცდებს იმ პირობებში, როცა შეჩერებულია მოლაპარაკებების პროცესი, რომლის მიზანია, კსდრ დაარწმუნოს, რომ უარი თქვას სარაკეტო და ბირთვულ პროგრამებზე.

აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობით არაერთხელ აღნიშნა, რომ ღიაა დიპლომატიური ძალისხმევის განახლებისთვის „ნებისმიერ დროს“ და ყოველგვარი წინასწარი ძალისხმევის გარეშე. მაგრამ ფხენიანი აქამდე უარყოფს მსგავს წინადადებებს და საერთაშორისო სანქციების გაუქმებას მოითხოვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG