Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელექტროენერგიის კრიზისის გამო კოსოვოს მთავრობამ კრიპტოვალუტის მოპოვება აკრძალა 


კოსოვო ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, ენერგორესურსების იმპორტის მკვეთრი ზრდის შემდეგ. ხელისუფლებამ გადაუდებელი ზომების მიღება გადაწყვიტა.

დრაგანი ჩრდილოეთ კოსოვოდან, (რომლის ნამდვილი ვინაობა რადიო თავისუფლებისთვის ცნობილია, თუმცა მისი თხოვნით არ ვასახელებთ), აპირებს, გარკვეული დროით გამორთოს თავისი კრიპტოვალუტის მწარმოებელი მანქანები, რაც მას დღემდე თვეში დაახლოებით 2000 ევრომდე შემოსავლით უზრუნველყოფდა.

რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი განპირობებულია კოსოვოს მთავრობის მიერ 4 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ქვეყნის მასშტაბით კრიპტოვალუტის წარმოება შეწყდა. მიზეზი - ელექტროკრიზისი. მოწყობილობები, რომლებიც კრიპტოვალუტებს აწარმოებენ, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ.

„შეიძლება მოვიდნენ და მთელი ეს მოწყობილობები ჩამომართვან. ისინი 20-30 ათას ევრომდე ღირს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ მაძლევს ხელს“, - ამბობს დრაგანი, რომელიც უკვე 4 წელია, კრიპტოვალუტის მოპოვებითაა დაკავებული. სულ 7 მოწყობილობა აქვს საკუთარი ბინის ტერასაზე. ზოგი ახალია, რამდენიმე „მეორეული“ კი „ალბანელებისგან“ იყიდა.

„მთელი მსოფლიო აწარმოებს კრიპტოვალუტას - და ელექტროენერგიის გადასახადსაც იხდიან. ჩვენ ელექტროენერგიის საფასურის გადახდა არ გვიწევს, ჰოდა, რატომაც არ უნდა ვაწარმოოთ?“ - ამბობს ის.

ადრე, თვეში 230 ევრომდე იხდიდა ელექტროენერგიისთვის (როცა ამას სერბული ორგანო, „ელექტროკორპორატა“ კურირებდა), ბოლო თვეების განმავლობაში არც კი იცის, რამდენს ხარჯავს, რადგან ქვითრები არ მოსდის. დრაგანის თქმით, ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტში უამრავი ადამიანია, რომლებიც კრიპტოვალუტას აწარმოებენ,

„აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს შინ გამოსაყენებელი ტექნიკა ამისთვის - ფაქტობრივად, 3-4 ათასი ევროს ინვესტირებას აკეთებ და მერე ამას თვეში დაახლოებით 300 ევროს მოგება მოაქვს“, დასძენს ის.

როცა დრაგანმა ეს საქმე წამოიწყო, ბიტკოინის, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კრიპტოვალუტის ღირებულება სოლიდური იყო, მაგრამ შემდეგ დაეცა. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ ბიტკოინის ღირებულება ისევ გაიზარდა, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგებაც.

რადიო თავისუფლებამ კომენტარისთვის მიმართა ეკონომიკის სამინისტროს, რათა გაერკვია, თუ როგორ გეგმავდა სამთავრობო სტრუქტურა კრიპტოვალუტის მწარმოებლების იდენტიფიცირებას. ოფიციოზი ჯერჯერობით დუმს.

კოსოვოს პოლიციის დირექტორის მოადგილე კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში, ბესიმ ჰოტი ამბობს, რომ კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილება კრიპტოვალუტების წარმოებაზე აკრძალვის შესახებ ეხება ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირს.

„თუმცა, რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებთ და რა ზომები იქნება მიღებული, ამას მომავალი გვიჩვენებს“, - აცხადებს ჰოტი. მისი თქმით, კანონის მიხედვით, ჯერჯერობით კრიპტოვალუტების წარმოებაზე სისხლისსამართლებრივი პასუხისგება არ არის განსაზღვრული.

„უფრო ადრეც გვინდოდა დაგვეწყო საქმეების აღძვრა - ამას პროკურატურისგან ვითხოვდით. სხვა რომ არაფერი, ელექტროენერგიის მიწოდება რომ გაგვეუმჯობესებინა, მაგრამ დღემდე ამისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება ამ სიტუაციას შეცვლის. საზოგადოება უკვე ინფორმირებულია, ასე რომ, ვნახავთ, რა ზომების გატარება მოგვიწევს“, - დასძენს ის.

ჩანართი - რა არის კრიპტოვალუტები?

კრიპტოვალუტა ციფრული ფულია, დეცენტრალიზებული სავალუტო სისტემა, რომელიც დაფუძნებულია „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგიაზე.

ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული და დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზაა, რომელიც ტრანზაქციების სტატისტიკას აწარმოებს.

პრაქტიკულად, ეს ერთგვარი საბუღალტრო წიგნია, რომლის დისტრიბუციაც მსოფლიო მასშტაბით არსებული უამრავი კომპიუტერის მეშვეობით ხდება.

განსხვავებით ევროსა და დოლარისაგან, არ არსებობს ცენტრალური ორგანო, რომელიც განკარგავს და ინარჩუნებს კრიპტოვალუტის ღირებულებას - ეს ფუნქცია თავად კრიპტოვალუტის მომხმარებლებს აკისრიათ.

ბიტკოინი იყო პირველი კრიპტოვალუტა, რომლის ინიციატორიც იყო იდუმალი სატოში ნაკამოტო (ვარაუდობენ, რომ ეს იყო ბიტკოინის შემქმნელის, ანაც შემქმნელების ფსევდონიმი - რედ.), 2008 წლის დოკუმენტით, სახელწოდებითბიტკოინი: ელექტრონული, შუამავლის გარეშე, ფულადი სისტემა“.

კრიპტოვალუტების წარმოებას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, რადგან ის მოიცავს კომპიუტერებს, რომლებიც ახორციელებენ გათვლებს ტრანზაქციების გადამოწმებისთვის.

სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს ოფიციალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ე.წ. მაინერია კოსოვოში და რა რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ ისინი.

კოსოვოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის (KEDS) სპიკერი ვიქტორ ბუჟალა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კომპანიისთვის შეუძლებელია კრიპტოვალუტების წარმოების ადგილების იდენტიფიცირება, მით უმეტეს, კოსოვოს ჩრდილოეთში.

„ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ყველამ იცის, რომ ჩვენ არ ვამარაგებთ ჩრდილოეთს ელექტროენერგიით, წვდომა არ გვაქვს, შესაბამისად, შეუძლებელია ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ენერგია იხარჯება იქ კრიპტოვალუტის მოპოვებისას“, - აცხადებს ბუჟალა.

„ვიცით, რომ ისინი აქტიურად მოიხმარენ ელექტროენერგიას, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ან რა სიმძლავრის „მაინერია“ ბაზარზე, სად არიან ისინი განლაგებული, მუდმივად ფუნქციონირებენ თუ არა და ა.შ.“, - ხაზს უსვამს ბუჟალა.

1999 წლიდან კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება მუდმივ პრობლემად იქცა. ამ დროიდან მოყოლებული, ჩრდილოეთ მიტროვიჩის, ზუბინ პოტოკის, ზვეჩანისა და ლეპოსავიჩის მკვიდრებს დახარჯული ენერგიის საფასური არ გადაუხდიათ.

ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში დახარჯული ენერგიის ერთობლივი გადასახადი წელიწადში დაახლოებით 12 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორ მუშაობენ „მაინერები“?

გრანიტ კადოლი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია კრიპტოვალუტებს აწარმოებს, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ კოსოვოში არის ორი ტიპის მოწყობილობა, რომელიც აწარმოებს კრიპტოვალუტას: ASIC Miner, რომელიც ძირითადად აწარმოებს Bitcoin-ს და GPU Mining (მაღაროები), რომელიც შედგება გრაფიკული ბარათებისგან.

მისი თქმით, კოსოვოში უფრო მეტად გრაფიკული ბარათის ტიპის „მაინერები“ გამოიყენება.

„ASIC Miner მოიხმარს 1.8-დან 2.2 კილოვატამდე ელექტროენერგიას საათში, ხოლო GPU Miner, რომელიც უფრო დიდი და ძვირი მანქანაა, მოიხმარს 1.1-დან 1.8-მდე. იმ მოქალაქეების უმეტესობას, ვინც კრიპტოვალუტაში ინვესტიცია ჩადო, სწორედ GPU აქვს. დანახარჯები არც ისე მაღალია, რომ ენერგეტიკულ კრიზისზე გავლენა იქონიოს“, - ამბობს კადოლი.

მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებმაც ტექნიკა კრედიტით იყიდეს, რადგან ერთი ცალი დაახლოებით 7 ათასი ევრო ღირს.

„ხალხმა აიღო სესხი, რომ რაღაც იშოვოს, თანაც, ასეთი მოწყობილობა თვეში 45 ევროზე მეტ ელექტროენერგიას არ ხარჯავს. კოსოვოში ადამიანების უმეტესობას ისინი სახლში აქვს“, - ამბობს კადოლი.

გამოთვლების მიხედვით, დღეს მსოფლიოში ელექტროენერგიის 0.21 პროცენტი ბიტკოინის მაინინგისთვის იხარჯება.

ბიტკოინის მომპოვებლები სავარაუდოდ თავიანთი მოგების 60-დან 80 პროცენტს „მაინერის“ მუშაობისთვის საჭირო ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად ხარჯავენ.

ინგლისის კემბრიჯის უნივერსიტეტის ანალიზის მიხედვით, ბიტკოინი წელიწადში უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე მთელი არგენტინა.

კრიპტოვალუტის მწარმოებლების კონტროლი შეუძლებელია

პრიშტინაში კრიპტოვალუტების გადამცვლელი კომპანიის თანამფლობელი არდიან ალაი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ კრიპტოვალუტის მწარმოებლების კონტროლი შეუძლებელია.

„ეს არის სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსგავსი ტექნიკა - მაცივრები, ტელევიზორები, ელექტროღუმელები, ყველა მათგანი მოიხმარს ელექტროენერგიას. მათი იდენტიფიცირება შეუძლებელია“, - ამბობს ალაი.

„ამ მოწყობილობების იდენტიფიცირების ერთადერთი გზა არის იმ ოპერატორების მოძიება, რომლებიც მათ ინტერნეტს აწვდიან, გარკვეული პორტების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებულია კოსოვოს IP-სთან. იმის გათვალისწინებით, რომ კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილს ფარავენ ინტერნეტოპერატორები, რომლებიც კოსოვოში არ არიან ლიცენზირებული, მათი კონტროლი შეუძლებელია“, - დასძენს ალაი.

სახელმწიფოს, მისი თქმით, შეუძლია გადაამოწმოს და აკონტროლოს მხოლოდ ის პირები (მწარმოებლები), რომლებიც რეგულარულად ახორციელებენ იმპორტს და გადასახადებს იხდიან კოსოვოში.

„ჯერ კიდევ უცნობია, რა ბედი ეწევა ყველა იმ პირს და კომპანიას, ვინც ლეგალურად შეიძინა და ქვეყანაში შემოიტანა ეს მოწყობილობები, საბაჟო და დღგ გადასახადების ჩათვლით“, დასძენს ალაი.

მისი თქმით, მიზეზი იმისა, რომ კოსოვოში კრიპტოვალუტების მწარმოებელი მოწყობილობების ზუსტი რაოდენობა უცნობია, არის ის, რომ არ არსებობდა უნიკალური საბაჟო კოდი ამ მოწყობილობების იდენტიფიცირებისთვის და ისინი ისე შემოიტანეს კოსოვოში, როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწყობილობები, როგორც, მაგალითად, კომპიუტერები თუ გრაფიკული ბარათები.

2021 წლის ბოლოს, კოსოვოს ასამბლეის ეკონომიკის, მრეწველობის, მეწარმეობისა და ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარემ ფერატ შალამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კოსოვოში დაახლოებით 10 ათასი იდენტიფიცირებული ოპერატორია - ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებიც კრიპტოვალუტებს აწარმოებენ.

ამ საქმიანობის დარეგულირების მიზნით, კოსოვოს ასამბლეის დეპუტატებმა კრიპტოვალუტების შესახებ კანონის შემუშავების პროცედურები დაიწყეს.

კრიპტოვალუტების შესახებ კანონის პროექტის მიზანია კრიპტოვალუტების და მათი დაბეგვრის ფორმების კატეგორიზაცია, რათა ეს ინდუსტრია შეესაბამებოდეს ფულის გადარიცხვის ადგილობრივ და საერთაშორისო კანონებს და შემცირდეს ფულის გათეთრების რისკები.

რთე/რთ-ს ბალკანური სამსახური

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG