Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღელვარებები ყაზახეთში - გაფრთხილება და გამოცდა ავტოკრატი მეზობლებისთვის


რუსეთის ჯარების ნაწილის ყაზახეთისკენ გადასროლა, 6 იანვარი, 2022 წელი
რუსეთის ჯარების ნაწილის ყაზახეთისკენ გადასროლა, 6 იანვარი, 2022 წელი

6 იანვარს, ადრიან დილით, ალმათიში, ყაზახეთის უდიდეს ქალაქში, რუსი სამხედრო დანაყოფების პირველი ჯგუფები დაფრინდნენ - რათა წნეხის ქვეშ მყოფ მთავრობას არეულობისა და შეიარაღებული შეტაკებების უპრეცედენტო ტალღის ჩახშობაში დაეხმარონ.

ეს იმ „სამშვიდობო“ ჯარების პირველი ნაწილია, რომელიც ყაზახეთში „კოლექტიური უსაფრთხოებისხელშეკრულების ორგანიზაციის“ (მოსკოვის მიერ მართული სამხედრო ბლოკი, რომლის წევრიცაა ყაზახეთიც) ეგიდით ჩამოვიდნენ - ისინი ჩამოვიდნენ ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის მოწვევით, რომელმაც „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ჯარების ჩარევა 5 იანვარს სატელევიზიო მიმართვის შემდეგ მოითხოვა, სადაც დემონსტრანტებს „საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, გაწვრთნილი იყვნენ საზღვარგარეთ და „ძირს უთხრიდნენ სახელმწიფოს მთლიანობას“.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ეგიდით რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედრო ძალებით დაკომპლექტებული დანაყოფების ჩამოსვლა ახალი ქვეთავის დასაწყისია ამ სწრაფად მზარდ კრიზისში, რომელმაც საფრთხე შეუქმნა მოქმედ ავტორიტარულ რეჟიმს ყაზახეთში და საფიქრალი გაუჩინა მის ავტოკრატ მეზობლებს - უზბეკეთიდან ბელარუსამდე, რუსეთის ჩათვლით - ისინი შეშფოთებით აკვირდებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ცენტრალური აზიის უმდიდრესი ქვეყანა უფსკრულის პირისპირ.

„ჩვენ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მზარდ მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს საკუთარ კლიენტ სახელმწიფოებსა და ერთგულ მოკავშირეებს“, უთხრა რადიო თავისუფლებას მოსკოვის „კარნეგის ცენტრის“ უფროსმა თანამშრომელმა ალექსანდრ გაბუევმა. წარმატების შემთხვევაში, ეს განამტკიცებს რუსეთის როლს, როგორც უსაფრთხოების მთავარი გარანტისას რეგიონში.

2 იანვარს საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებულმა სამშვიდობო პროტესტმა მთელი ქვეყანა მოიცვა და მალევე გადაიზარდა ფართომასშტაბიან გამოსვლებში ტოყაევისა და მისი წინამორბედის ნურსულთან ნაზარბაევის წინააღმდეგ, რომელიც ნავთობით მდიდარ ქვეყანას თითქმის 30 წელი მართავდა და მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, დღემდე ინარჩუნებდა მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს.

მზარდი ფასების, ეკონომიკური პერსპექტივების შემცირების, ფესვგადგმული კორუფციისა და ავტოკრატული მმართველობის გამო დაგროვილმა აღშფოთებამ საბოლოოდ ღია აჯანყების ფორმა მიიღო და გადაიზარდა მასშტაბურ არეულობებში, რომლის დროსაც ათასობით დემონსტრანტი შეიჭრა სამთავრობო შენობებში, ტელევიზიებში, აეროპორტებსა და ბიზნესოფისებში.


იმის ფონზე, რომ ყაზახეთის მთავრობამ დახმარებისთვის „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, გარე აქტორს მიმართა, საკუთარ ჯარებს კი პროტესტების ჩასახშობად იყენებს, რასაც „ანტიტერორისტულ ოპერაციად“ ნათლავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მთელი რეგიონის ყურადღებას იქცევს - ეს გაფრთხილებაცაა და გამოცდაც მსგავსად მოაზროვნე რეჟიმებისთვის.

ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია რუსეთისათვის, სადაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა - რომელსაც მშვენივრად ახსოვს მსგავსი სახალხო გამოსვლები კრემლისადმი ლოიალური რეჟიმების წინააღმდეგ ჯერ 2014 წელს უკრაინაში და 2020-ში კი ბელარუსში - გადაწყვიტა, ძალები არ დაზოგოს გაჭირვებაში ჩავარდნილი პარტნიორის დასახმარებლად.
„ვფიქრობ, [მოსკოვს] არ აქვს ფუფუნება, ტოყაევს შეელიოს და ამიტომ მზად არიან გამოიყენონ ნებისმიერი ინსტრუმენტი, რომელიც აუცილებელია რეჟიმის შესანარჩუნებლად“, - თქვა გაბუევმა.

რეაქცია რეგიონში

ყაზახეთში ჯარების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება ორგანიზაციის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომლის თქმითაც, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ჯარები ყაზახეთში მხოლოდ „შეზღუდული ვადით“ განლაგდებიან, სანამ წესრიგი არ აღდგება და მათი მთავარი ფოკუსი ინფრასტრუქტურის დაცვა იქნება. ორგანიზაციის ცნობით, მოსკოვმა მედესანტეებიც გაგზავნა.

ეს არის პირველი შემთხვევა ალიანსის დაფუძნებიდან 1999 წელს, როდესაც ის დათანხმდა სამხედრო ნაწილების განთავსებას წევრი ქვეყნის მხარდასაჭერად.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“, რომელიც შედგება რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთისგან, ადრე უარს აცხადებდა ჯარების განთავსების მსგავს მოთხოვნებზე, მათ შორის, ეთნიკური არეულობის დროს ყირგიზეთში 2010 წელს და სომხეთში 2020 წელს აზერბაიჯანთან შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე.

არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ყაზახეთის კრიზისს რაიმე გარე წარმოშობა აქვს, მაგრამ სავარაუდო ტერორისტული საფრთხე, რომელსაც ყაზახეთის ხელისუფლება ძალადობის მიზეზად ასახელებს, როგორც ჩანს, საკმარისად მყარი საბაბი აღმოჩნდა ალიანსის ჩარევისთვის.

„ეს ცხადყოფს, რომ ყაზახეთი განსაკუთრებულ როლს ასრულებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაში“, - განაცხადა გაბუევმა.

საგულისხმოა, რომ ჯარების განლაგების შესახებ განცხადება გავრცელდა სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა - მნიშვნელოვანია, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებში უცხო ქვეყნები არ ჩაერიონო.

ტოყაევი მანამდე ასევე ესაუბრა ბელარუსის ლიდერს ალიაქსანდრ ლუკაშენკას, რომელმაც სასტიკად ჩაახშო პოპულარული პროდემოკრატიული გამოსვლები 2020 წელს და მას შემდეგ ძირითადად სწორედ რუსეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ეყრდნობა საკუთარი მმართველობის გასახანგრძლივებლად.

უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც მხარს უჭერს ყაზახეთის მთავრობას და კრიზისის „დამოუკიდებლად“ და „გარედან ჩაურევლად“ მოგვარებისკენ მოუწოდებს.

საპროტესტო აქციები ასევე შეშფოთების წყაროა ჩინეთისთვის, რომელმაც ყაზახეთი თავისი „სარტყელი და გზის ინიციატივის“ პლაცდარმად გამოიყენა და უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ინვესტიციებად მილიარდები დააბანდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვან ვენბინმა 6 იანვარს განაცხადა, რომ ყაზახეთის მოვლენები „[ყაზახეთისვე] შიდა საქმეა“ და პეკინი იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე დასტაბილურდება.

ჰუ ქსიჯინი, გავლენიანი ჩინელი ნაციონალისტი კომენტატორი, რომელმაც ახლახან დატოვა სახელმწიფო ტაბლოიდის Global Times-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობა, სოციალურ მედიაში წერს, რომ ყაზახეთში არეულობა ე.წ. ფერადი რევოლუციების საპროტესტო ტალღას წააგავს, რომლის შედეგადაც საქართველოსა და უკრაინაში კრემლის მომხრე ლიდერებს ძალაუფლების დათმობა მოუწიათ. ჰუმ ასევე დასძინა, რომ ჩინეთი და რუსეთი ერთად იმუშავებენ სიტუაციის მოსაგვარებლად და შეეწინააღმდეგებიან გარე ჩარევებს.

„რუსეთი და ჩინეთი არ მიცემენ უფლებას [შეერთებულ შტატებსა] და დასავლეთს, ყაზახეთი გრძელვადიანი ტურბულენტობის რეჟიმში გადაიყვანონ“, - დაწერა ჰუმ ტვიტერში 6 იანვარს.

ახალი ერა

დიდია ალბათობა, რომ ყაზახეთში სულ რაღაც რამდენიმე დღეში გამეფებული ქაოსი სამომავლოდ საგრძნობ ძვრებს გამოიწვევს მთელ რეგიონში.

ტოყაევის მთავრობამ ჯერ დემონსტრანტების გულის მოგება სცადა - მათ აღადგინეს სუბსიდირებული ფასები, თავად ნაზარბაევი კი - რომელიც საპროტესტო აქციების მთავარ სამიზნედ იქცა - ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობას ჩამოშორდა. ტოყაევმა ასევე აიძულა მთავრობა, გადამდგარიყო და ახალი ფიგურები დანიშნა მაღალ თანამდებობებზე, ისე შორსაც წავიდა, რომ ამ პროცესში ნაზარბაევის ძმისშვილიც კი შეცვალა.

მაგრამ ამგვარმა ნაბიჯებმა ვერ შეამცირა ის ეკონომიკური და პოლიტიკური უკმაყოფილება მთავრობის მიმართ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ყალიბდებოდა. ამ ყველაფრის ფონზე, როგორც ჩანს, ყაზახეთის ხელისუფლებაში ჩათვალეს, რომ ძალის გამოყენებისა და CSTO-ს მხარდაჭერის გარდა ბევრი აღარაფერი დარჩენოდათ.

სამი ათწლეულის განმავლობაში ავტორიტარული მმართველობის შედეგად, ნაზარბაევი და მისი პარტია „ნურ ოტანი“ პოლიტიკურ ლანდშაფტზე დომინირებენ, მედია კი მის მოკავშირეებსა და ნათესავებს „უჭირავთ ხელში“.

მთავრობა წარსულშიც ცდილობდა, როგორმე შეემსუბუქებინა მზარდი უკმაყოფილება - როგორც წესი, მოკრძალებული მასშტაბის რეფორმებითა და მთავრობაში როლების შეცვლით.

2019 წელს ნაზარბაევი გვერდზე გადგა, რათა ოფიციალურად აღიარებულიყო „ერის ლიდერად“, რაც მას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა უზარმაზარი ფორმალური თუ არაფორმალური ძალაუფლება.

მან საკუთარ მემკვიდრედ ტოყაევი შეარჩია და ერთგული მემკვიდრის პირველივე ბრძანებით, ქვეყნის დედაქალაქს ასტანის ნაცვლად ნურ-სულთანი დაერქვა, მისი წინამორბედის პატივსაცემად.

„ყაზახეთმა ცხადყო, რომ შეიძლება შეცვალო ლიდერები რეჟიმის შეუცვლელად და მათ შეიძლება ამ ხერხს კიდევ ერთხელ მიმართონ“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გლაზგოს უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების პროფესორმა ლუკა ანჩესკიმ.

ამ ყველაფრის შედეგად, ყაზახეთის პოლიტიკური სცენა საკმაოდ მწირია, არ არსებობენ მაღალი რანგის ოპოზიციური ფიგურები, რაც აჩენს კითხვებს მიმდინარე საპროტესტო აქციების სამომავლო მიმართულებასთან დაკავშირებით - შეძლებენ კი ისინი გაერთიანებას რეალური ცვლილებების განსახორციელებლად?

„საპროტესტო აქციებს ნამდვილად არ ჰყავს კონკრეტული ლიდერი, ეს არ არის კონსოლიდირებული ოპოზიცია, რაც იმას ნიშნავს, რომ რეჟიმმა, შესაძლოა, თავის გადარჩენა შეძლოს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ვაშინგტონის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ერიკა მარატმა.

სწრაფად ცვალებად ვითარებაში ძნელია მკაფიო სურათის დახატვა იმის შესახებ, რაც დღეს ხდება ყაზახეთში - განსაკუთრებით, ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გამორთვისა და მოგზაურობის შეზღუდვის ფონზე. ამ ზომებს უსაფრთხოების ძალები მიმართავენ საპროტესტო აქციების ცენტრად ქცეულ ალმათიში „ანტიტერორისტული“ ოპერაციების განხორციელებისას.

ამასობაში რეგიონული მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ ცდილობს ყაზახეთის მთავრობა ხელისუფლების სადავეების შენარჩუნებას.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ კონტინგენტები ვერც შიდაპოლიტიკურ საკითხებს გადაჭრიან და არც ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულეების მოგვარება შეუძლიათ, - დასძენს მარატი, - ისინი მხოლოდ გააღრმავებენ უკვე არსებულ ავტორიტარიზმს ყაზახეთში და შესაძლოა, პროტესტის კიდევ უფრო მეტი ესკალაცია გამოიწვიონ“.

XS
SM
MD
LG