Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2021 წლის საუკეთესო 10 ფილმი


წლის ბოლოს ერთდროულად რამდენიმე კარგი ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა. როგორც ჩანს, ამ სურათების ავტორებს იმედი ჰქონდათ, რომ პანდემია წარსულს ჩაბარდებოდა და ხალხი ისევ დაუბრუნდებოდა კინოთეატრებს - ზოგიერთი რეჟისორი 2 წელი "ინახავდა" ფილმს უკეთესი დღეებისთვის. სამწუხაროდ, მოლოდინმა არ გაამართლა - ხალხი კინოთეატრებს არ მიაწყდა - კინოს მოყვარულები ისევ "ნეტფლიქსს" მიეჯაჭვნენ. სახლებში, როგორც წესი, ოჯახის წევრებთან ერთად, ფილმების ყურებამ, ცხადია, იმოქმედა თანამედროვე კინოს არა მარტო ფორმაზე, არამედ შინაარსზეც. უნდა ვაღიარო, რომ "სახლის კინო" არ მიყვარს და პანდემიის დასრულებას იმიტომაც ველოდები, რომ კინოხელოვნება ჩაკეტილობისა და კონფორმისტული სიმყუდროვისგან განთავისუფლდება. ამიტომაც წინასწარ გაფრთხილებთ - ჩემი არჩევანი სუბიექტურია და არა აქვს პრეტენზია სიზუსტეზე. მით უმეტეს, ეს წელი ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) გრძელი და მძიმე იყო. სავსებით შესაძლებელია, რომ რამდენიმე კარგი ფილმი გამომრჩა. მადლობელი ვიქნები, თუ შემახსენებთ და ამ სიას თქვენ გააგრძელებთ. ტრადიციულად, დავიწყოთ ბოლოდან:

10. "მოვლენა" ("L'événement", საფრანგეთი, რეჟისორი ოდრი დივანი)

ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებამ, "ოქროს ლომით" აღენიშნათ ოდრი დივანის ეს ფილმი, ფესტივალზე აკრედიტებული ჟურნალისტების უმრავლესობა დააბნია - აქ წარმატებას სულ სხვა სურათებს უწინასწარმეტყველებდნენ. მერე დაიწყო უკვე მომაბეზრებელი საუბარი იმაზე, რომ პოლიტკორექტულობამ და აქტუალურმა თემებმა, ასევე კინორეჟისორი ქალების "კვოტამ" დააზარალა კინო და წააგებინა კონკურსი მამაკაცი რეჟისორების მაღალმხატვრულ ფილმებს. სინამდვილეში, აბორტის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ გადაღებულ ამ ფილმში, რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი მწერლის, ანი ერნოს ავტობიოგრაფიული რომანი, საინტერესო სწორედ კინოა; ოდრი დივანის სტილის სისადავე რადიკალურია. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გასული საუკუნის 60-იან წლებს აღადგენს (იმ წლებში აბორტი საფრანგეთში აკრძალული იყო), რეჟისორი პრინციპულად, გამომწვევად არ ცდილობს წარმოგვიდგინოს ეპოქის დეტალები და იმ დროის ატმოსფერო. თითქოს ამბავი სტუდენტ გოგონაზე, რომელსაც არ სურს გააჩინოს ბავშვი, რადგან უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას აპირებს, სულაც არ მიეკუთვნება კონკრეტულ ეპოქას. მეტიც, ამ კამერული ფილმის ზემოქმედების ძალა ფინალისკენ იმდენად მატულობს, რომ აბორტის თემაც კი აღარ ხდება მთავარი - არსებითად ჩვენ ახალგაზრდა ქალის წამების თანამონაწილენი ვხდებით. სამყარო ემსგავსება ჯოჯოხეთს, როცა ადამიანს, რომელსაც ძალიან უჭირს, აბსოლუტურად ვერავინ ვერ უწევს დახმარებას.

9. "მაღალი და ძლიერი" ("Haut et Fort", მაროკო, მეორე სათაური "კასაბლანკის რითმები", რეჟისორი ნაბილ აიუში)

მუსიკალური ფილმი ახალგაზრდებზე, რომლებიც სწავლობენ რეპს კასაბლანკის კულტურის ცენტრში, სრულიად უყურადღებოდ დატოვა ჟიურიმ კანის კინოფესტივალზე, სადაც "მაღალი და ძლიერი" საკონკურსო პროგრამაში იყო ჩართული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი მაყურებელი მაროკოელი რეჟისორის ფილმს აუცილებლად დააფასებს. მისი მსვლელობის დროს ხანდახან მეგონა, რომ მოქმედება დღევანდელ საქართველოში ხდებოდა - პირველ რიგში ის ხალხი გამახსენდა, ვინც თბილისის ღამის კლუბები "გარყვნილების და ნარკომანების თავშეყრის ადგილად" გამოაცხადა. ძველი და ახალი კულტურების ომი აიუშის ფილმში "ჰეპი-ენდით" არ სრულდება, მაგრამ კულტურული, სოციალური და პოლიტიკური ემანსიპაციის თემა იმდენად მწვავედ და ემოციურად იშლება, რომ მაყურებელი თავის თავში ახალი ძალის გამოღვიძებას გრძნობს, უჩნდება დაჭაობებული სისტემის გარდაქმნის სურვილი. ახალგაზრდა მსახიობები შესანიშნავად თამაშობენ. ამ მრავალფეროვან გალერეაში რეჟისორი ახერხებს შექმნას ხასიათები, რომლებიც არასდროს დაგავიწყდებათ. თუმცა სურათის მთავარი ღირსება მაინც მუსიკისა და გამოსახულების ჰარმონიაა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რეპი გადაიქცეოდა "რევოლუციურ იარაღად" სამყაროს გარდასაქმნელად.

8. "ყველანი ადგილებზე" ("A l'Abordage!", საფრანგეთი, რეჟისორი გიომ ბრაკი)

დიდი ოსტატობა, თავისუფლების სიყვარული და, ცხადია, კინემატოგრაფიული ხედვა სჭირდება იმას, რომ ასე თამამად გამოხატო სოციალური განსხვავებულობა და, ამავე დროს, არ ჩაგითრიოს დემაგოგიამ და სპეკულაციებმა სწორედაც რომ სოციალური (და რასობრივი) განსხვავებულობის თემაზე. ეს ფილმი, რომელშიც სოციალური დაქსაქსულობა მზის, წყლის, მუსიკის ზემოქმედებით ცოტა ხნით ქრება, გვახსენებს, რომ არსებითად ყველა ადამიანს ერთნაირად ესმის ბედნიერება და სიცოცხლე, რომლის "ინტენსიფიკაციას" მიმართავს გიომ ბრაკი, ყველას ერთნაირად აქვს სიყვარულის უფლება და იმ ადგილის დატოვების უფლებაც, რომელიც კულტურამ და საზოგადოებამ დაუწესა. გიომ ბრაკთან წესები საერთოდ არ არსებობს - რეჟისორი არ ემორჩილება კლასიკური დრამატურგიის კანონებს, იმდენად, რომ ფილმის ყურების პროცესში შეიძლება საერთოდ დაგვავიწყდეს, რომ კინოს ვუყურებთ.

7. "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" (საქართველო, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე)

გასული წლის კინემატოგრაფიული ცხოვრების სენსაცია - "ლექსად თქმული" დოკუმენტური ამბავი ქუთაისსა და ქუთაისელებზე, ბოროტებისა და "ჯადოს" დაძლევაზე და ქვეყანაზე, სადაც ყველა თანასწორია, სადაც ჩიტები, მაწანწალა ძაღლები და ადამიანები, მოხუცები და ბავშვები, ერთი დიდი სამყაროს შვილები არიან. ალექსანდრე კობერიძის ფილმი მთელი ქართული კინოს თავისებური შეჯამებაა, უფრო სწორად, დისტანციიდან, 21-ე საუკუნიდან დანახული ქართული კინოს რომანტიზმია, გაცოცხლებული პირველ რიგში ირონიით და თვითირონიით. კობერიძის უცნაურ იუმორს, ცოტა ბავშვურს (მე ვიტყოდი, უფრო "სტუდენტურს"), ცოტა სევდიანს, უაღრესად ფრთხილს, თუ ვერ იგრძნობთ, სჯობს თავიდანვე დატოვოთ კინოდარბაზი, სადაც ამ ახალ ქართულ ფილმს აჩვენებენ - "რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ" ის სურათი არ არის, რომელიც ყველამ უნდა ნახოს. ალექსანდრე კობერიძის ფილმი იმ ადამიანებისთვისაა გადაღებული, ვისაც სჯერა, რომ კინო პირველ რიგში სასწაულია... სასწაული იყო ძმები ლიუმიერების პირველი კინოსეანსი და სასწაულია მთელი კინოხელოვნება, რომლის თავისებურ ალბომს, მოძრავი სურათების თაიგულს გვთავაზობს ფილმის რეჟისორი.

6. "კუპე ნომერი 6" ("Hytti N°6", ფინეთი-რუსეთი, რეჟისორი იუხო კუოსმანენი)

ფინური სურათი ჩემს ათეულში ერთადერთი უცხოური ფილმია, რომელიც ამერიკული "ოსკარის" შესაბამის ნომინაციაში მოხვდა. ვგულშემატკივრობ "კუპეს" ჯერ კიდევ კანის კინოფესტივალიდან, რომლის ჟიურიმ იგი "გრან პრით" აღნიშნა. კუოსმანენი დელიკატურად გამოხატავს ფინელი სტუდენტი ქალის და რუსი მეშახტის მოგზაურობას მოსკოვი-მურმანსკის მატარებლით - გასული საუკუნის 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. აქ ერთია პეიზაჟები, რომელშიც "საბჭოთა ნარჩენები" რაღაცნაირად ბუნებრივად თანაარსებობენ ნეოლიბერალური რუსეთის სახეებთან და მეორეა სრულიად განსხვავებული ქალისა და კაცის დაახლოება, იმის რწმენა, რომ სოციალური ბარიერი არაფერია, როცა ადამიანში ადამიანურობა იღვიძებს. სექსუალური უმცირესობის თემაზე ბევრი ფილმი მინახავს, მაგრამ "კუპე ნომერი 6" ყველა ამ სურათისგან გამორჩეულია - ავტორი გვარწმუნებს, რომ ჰომოფობები შეიძლება ვიხილოთ იქ, სადაც მანდელშტამს და ახმატოვას კითხულობენ... ხოლო იქ, სადაც შეიძლება წარმოდგენა არ ჰქონდეთ დიდ პოეზიაზე, მაგრამ სადაც უჭირთ, სადაც მარცხდებიან, სადაც შრომობენ, იმათაც კი, ვინც განსხვავებულ სექსუალობას ეგზოტიკად აღიქვამს, ყველაზე უკეთ შეიძლება გაუგონ განსხვავებულს.

5. "ბატონი ბახმანი და მისი კლასი" ("Mr Bachmann and His Class", გერმანია, რეჟისორი მარია სპეტი)

The Hollywood Reporter წერს, რომ ეს ფილმი "დაგიბრუნებთ კაცობრიობის მიმართ ნდობას და რწმენას". ყველაზე ზუსტი შეფასებაა, რაც წამიკითხავს გასული წლის ბერლინის კინოფესტივალის საუკეთესო დოკუმენტურ სურათზე, რომელიც სხვათა შორის 3 საათი და 40 წუთი გრძელდება. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმს თითქმის არა აქვს სიუჟეტი (ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვესწრებით ჩვეულებრივი გერმანული სკოლის გაკვეთილებს, რომელსაც ბატონი ბახმანი, პენსიაზე გასვლის წინ უტარებს ემიგრანტ მოსწავლეებს), შეუძლებელია, მოგწყინდეთ "ბახმანის" გმირების გაცნობის პროცესში. ეს ბავშვები პატარა ინდუსტრიულ ქალაქში ცხოვრობენ, ძირითადად ღარიბების ოჯახებში. ზოგიერთმა მათგანმა ენაც ცუდად იცის. ბახმანი კი მათ კარგ ლიტერატურაზე, ფასეულობებზე, მრავალფეროვნების სილამაზეზე ესაუბრება. დოკუმენტური პორტრეტი კარგი მასწავლებლისა, რომელმაც ასაკის გამო სულ მალე საყვარელი საქმე უნდა მიატოვოს, ამავე დროს, პედაგოგიური პოემაა - ბახმანი შემოქმედს, ხელოვანს მხოლოდ თავის მოწაფეებში არ ეძებს; აღზრდის მეთოდი, რომელსაც ის ეყრდნობა, მარია სპეტის ფანტასტიკურად მგრძნობიარე კამერასთან ერთად ზემოქმედებს ფილმის მაყურებელზეც - თუ არ აკეთილშობილებს, ძიებისა და ფიქრის სურვილს ნამდვილად უძლიერებს მას.

4. "ანეტი" ("Annette", საფრანგეთი, რეჟისორი ლეოს კარაქსი)

თანამედროვე კინოტრაგედიის უნიკალური ნიმუში (ვიხსენებ მსგავსს და არაფერი მაგონდება), რომელშიც ეჭვიანობა, ვნება, წარმატების მოპოვების აკვიატებული იდეა, "გრანდიოზული უბედურების" და "გრანდიოზული დანაშაულის" მიზეზი ხდება. ამავე დროს, კარაქსი უბრალოდ მოითხოვს ჩვენგან, ვისწავლოთ სიყვარული და დავაფასოთ ის სიკეთე, რაც უკვე მოგვეპოვება, ცდილობს მაქსიმალურად გაამდიდროს ირონიით (და კიტჩით) თავისი "შავი ფილმი", რათა სასტიკი და ემოციური ამბავი პათეტიკაში არ გადაიზარდოს. მე პირადად სწორედ პათეტიკა და გადაჭარბებული პირობითობა მაღიზიანებდა ყოველთვის ამ რეჟისორში, მაგრამ "ანეტი" ახალი სიტყვაა ფრანგული კინოს ახლა უკვე ცოცხალი კლასიკოსის შემოქმედებაში, პლასტიკური და მუსიკალური სიმდიდრის უნიკალური ნიმუშია, რომელიც სამწუხაროდ ჩვენი მაყურებლის უმრავლესობამ არა კინოდარბაზში, შესანიშნავი ხმოვანი ფონით, არამედ კომპიუტერის ეკრანებზე ნახა.

3. "ბაბი იარი. კონტექსტი" (უკრაინა-გერმანია, Бабин Яр. Контекст (უკრაინულად), რეჟისორი სერგეი ლოზნიცა

ისტორიის დამალული ფაქტების გაცოცხლება "საარქივო კინოს" საშუალებით - ესაა სერგეი ლოზნიცას სრულიად უნიკალური ენა, რომელიც თავის მხრივ კინემატოგრაფსაც აცოცხლებს და მის ამოუწურავ შესაძლებლობებს გამოხატავს. ლოზნიცას აქვს უნარი, კონკრეტული ისტორიული ფაქტი დაგვანახვოს განსხვავებული რაკურსიდან და დაგვარწმუნოს, რომ ასეთი ამბავი შეიძლებოდა სხვაგანაც მომხდარიყო და, რაც მთავარია, სხვა დროს... ისტორიული ფაქტი ნიღაბს შეიცვლიდა, მაგრამ კინოკამერას, უფრო სწორად - "კინოთვალს", სიმართლე არ გამოეპარებოდა. აქაც ასეა - ჰოლოკოსტი და ბაბი იარი ერთია და მეორეა "კონტექსტი", ანუ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ადგილი ისტორიაში. "რას წარმოადგენს ხალხი, როგორც სიმრავლე?" - თითქოს კითხულობს ლოზნიცა... როგორ შეუძლია ფაქტობრივად ერთსა და იმავე ხალხს, დაეჩოქოს ჯერ ერთ სისტემას, აგებულს შიშსა და ჩაგვრაზე და შემდეგ მეორეს, იმის საპირისპიროს, რომელიც ასევე... შიშსა და ჩაგვრაზე იქნება აგებული.

2. "პარალელური დედები" ("PARALLEL MOTHERS", ესპანეთი, რეჟისორი პედრო ალმოდოვარი)

დედობრივი სიყვარული და ზღვარი, რომელთანაც ამ სიყვარულს მივყავართ ხოლმე, პედრო ალმოდოვარის შემოქმედების აკვიატებული თემაა, თუმცა ალმოდოვარი, რომელსაც ორი რამ აშინებს ყველაზე მეტად - სიბერე და განმეორება, მაქსიმალურად ცდილობს გაემიჯნოს თავის აკვიატებებს, თანაც ისე, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოს, არ მოიტყუოს. ჰოდა, მეტი რა არის თავისუფლება, თუ არა წარსულში, აწმყოსა და მომავალში ერთდროული ცხოვრების უნარი? ალმოდოვარი სწორედ ამ სტადიაშია, ძალიან მაგარ ფორმაშია - აღარ ცდილობს თავი მოაწონოს მაყურებელს, არ კეკლუცობს და არ იპრანჭება. თითქოს თავის თავს უტყდება, რომ ამას აზრი აღარ აქვს; თავისი გმირივით, ჯენისივით, პენელოპე კრუზის ვირტუოზული შესრულებით, მარტოობის აღარ ეშინია, რადგან ხვდება - არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები ჩვენს ცხოვრებაში - უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პირადი ცხოვრება, პირადი ბედნიერება, ან უბედურება! პედრო გამოდის თავისი ჭრელი სახლიდან, ემშვიდობება აკვიატებებს და იწყებს სახიფათო, მაგრამ საინტერესო მოგზაურობას.

1. "ვესტსაიდის ისტორია" ("West Side Story", აშშ, რეჟისორი სტივენ სპილბერგი)

სტივენ სპილბერგმა ბროდვეის მიუზიკლს, რომლის პრემიერა 1957 წელს შედგა, მაკიაჟი მოაშორა, შევიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც - როგორც ფილმის პროლოგში გაგვახსენეს - "შესვლა აკრძალულია!" სინამდვილესთან ასეთმა დაახლოებამ გააღიზიანა მაყურებელი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სპილბერგმა არა ორიგინალური მიუზიკლის, არამედ რობერტ უაიზის "ვესტსაიდის ისტორიის" ადაპტაციას მიმართა. ცხადია, იმ პირველ ეკრანიზაციაში ყველაფერი უფრო ლამაზი იყო - ძველ ვერსიაში ხომ ამბავი დეკორაციებში ვითარდებოდა. მაგრამ ესთეტიკური ტკბობა ყველაზე ნაკლებადაა სპილბერგის მიზანი; მისი "ვესტსაიდის ისტორია" ესაა პირველ რიგში კინოხელოვნების შესაძლებლობების წარმოდგენა - კამერის, მუსიკის, კადრის, ფერის მნიშვნელობის გაძლიერება და რეალობის გაცოცხლება ხელოვნების ენით - პირველ რიგში, ცეკვით. საინტერესოა, რომ 2021 წლის საუკეთესო ფილმების სიებში არაერთი კინოკრიტიკოსი ასახელებს აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის კოლუმბიაში გადაღებულ ფილმს "ხსოვნა"და თავის არჩევანს იმით ხსნის, რომ ტაილანდელმა რეჟისორმა ხმოვანი რიგის ახალი შესაძლებლობები წარმოაჩინა კინოში, გადაიღო ფილმი, რომელსაც შეგიძლია საერთოდ არ უყურო, თვალი დახუჭო და ისე აღიქვა! სტივენ სპილბერგი სწორედ ასეთ ტენდენციებს უპირისპირდება თანამედროვე კინოში - იგი ქმნის სანახაობას სინამდვილიდან და სწორედ სინამდვილეს (სასტიკს!) გადააქცევს მიუზიკლად. კი, რეალურ გარემოში აქამდეც უცეკვიათ და უმღერიათ, მაგრამ რეალური გარემო, როგორც წესი, მაინც ფონის, დეკორაციის როლს ასრულებდა. "ვესტსაიდის ისტორიაში" გარემო, არქიტექტურა ქორეოგრაფიის ორგანული ნაწილი ხდება. რაც შეეხება ფილმის ფინანსურ ზარალს; იმედად ვიტოვებ, რომ 75 წლის სტივენ სპილბერგისთვის ეს "კომერციული წარუმატებლობა" მხოლოდ ბიძგი იქნება ახალი შედევრის შესაქმნელად. პანდემია რომ დასრულდება, სწორედ იმ ახალი შედევრებით დააბრუნებს სპილბერგი კინოხელოვნების ნამდვილ მოყვარულებს "ვესტსაიდის ისტორიის" სანახავად.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG