Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა სიმონიშვილი ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზის დასკვნაზე: უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით


ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის საგამოძიებო უწყებებს არ უცნობებიათ იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის ბიუროს მომზადებული ჰქონდა ექსპერტიზის დასკვნა 5 ივლისს მძიმედ დაშავებული და 11 ივლისს გარდაცვლილი ჟურნალისტის საქმეზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას" - უთხრა რადიო თავისუფლებას საიას ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. ახალგაზრდა იურიტსთა ასოციაცია ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს იცავს და ის, რომ არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა ლექსოს გარდაცვალების მიზეზების შესახებ, ორგანიზაციამ დღეს მედიიდან გაიგო. დასკვნა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექსპერტიზის ბიუროდან მიიღო, 2021 წლის 30 დეკემბრით თარიღდება და ის სრულად ადგილობრივი ექსპერტების მიერ არის ჩატარებული. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს დასკვნა არსებობდა, მედიამ პარლამენტის თავმჯდომარისგან, შალვა პაპუაშვილისგან გაიგო. ექსპერტიზის დასკვნა 37 გვერდიანი დოკუმენტია. მედიამ ამ დოკუმენტის მხოლოდ ფრაგმენტი, 4 გვერდი მოიპოვა.

"ოჯახთან შეთანხმებით ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტები, საუბარი იყო ბრიტანელ და ამერიკელ სახელმწიფო ექსპერტებზე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ დასკვნის მომზადებაში, თუმცა შსს-მ ჩვენი შეთავაზებულ ექსპერტების ჩართვაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდათ და შემოგვთავაზეს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ირკვევა არც ერთი უცხოელი სპეციალისტი არ ჩართო და ასე არის დასკვნა დადებული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თავად პროცესი, როგორც წარმართა შსს-მ, ბევრ კითხვას ბადებს" - ამბობს ნიკა სიმონიშვილი. ის იხსენებს, რომ ბოლო კომუნიკაცია საგამოძიებო უწყებებთან ამ საქმეზე ორგანიზაციას შემოდგომაზე ჰქონდა, თვითმმართველობის არჩევნების წინ და მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ექსპერტების ჯგუფი შემდგარი, ვინაიდან საუბარი სწორედ ექსპერტების მოწვევის თემას შეეხებოდა.

სახელმწიფო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ექსპერტიზის ბიუროს ამ დასკვნის მოსამზადებლად 5 თვეზე მეტი დასჭირდა.

ნიკა სიმონიშვილი იხსენებს ასევე გამოძიებისთვის მნიშვნელოვან გარემოებას, რის გამოც ოჯახის უფლებადამცველებს კითხვები აქვთ გამოძიებასთან: ლექსო ლაშქარავას ცხედარი მისი დედის წინააღმდეგობის მიუხედავად ისე გადაასვენეს ექსპერტიზის ბიუროში, რომ იქ მისი უფლებადამცველები ამ პროცესს არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, გვამი რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ გამომძიებლებისა მეთვალყურეობის ქვეშ იყო.

"გვამის გამოკვლევის დროს ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით მოქალაქე ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 14 საათი, ჰეროინის ინექციიდან სიკვდილამდე გასული უნდა იყოს საშუალოდ 10 წუთი - 3 საათის შუალედი" - წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG