Accessibility links

site logo site logo

HRW-ი მოუწოდებს ყაზახეთის ხელისუფლებას გააუქმოს ბრძანება „გაუფრთხილებლად სროლის“ შესახებ


საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch, ყაზახეთის ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გააუქმოს ძალოვანი სტრუქტურებისათვის გაცემული ბრძანება, რომლის თანახმადაც, „ანტიტერორისტული ოპერაციის“ ფარგლებში, მათ აქვთ უფლება „გაუფრთხილებლად ესროლონ ტერორისტებს“.

საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამგვარი ქმედებები „არღვევს ყაზახეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს, პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის სიცოცხლე და უფლებები“:

„თავისუფლების მოპოვებიდან დღემდე, ყაზახეთი განიცდის ყველაზე სასტიკ კრიზისს და მსოფლიო ადევნებს თვალს, აჩვენებს თუ არა ყაზახეთის ხელისუფლება, რომ ის საკუთარი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებს იცავს“, - აცხადებს, HRW-ის დირექტორის მოადგილე კრიზისისა და კონფლიქტების საკითხებში ლეტტა ტაილერი.

მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებას სიტუაციის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისთვის მოუწოდა აშშ-ის ხელისუფლებამ, ევროკავშირმა, გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა.

7 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, ტელევიზიით გამოსვლისას მკაცრი განცხადება გააკეთა და უშიშროების ძალებს უბრძანა, გაუფრთხილებლად ესროლონ „ბანდიტებს“, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის პოლიცია ვითარებას აკონტროლებს ქალაქების უმრავლესობაში. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს სიტუაციის მშვიდობიანი გზით განმუხტვის შესახებ კი მან „სისულელე“ უწოდა: „რა სისულელეა, რა მოლაპარაკებები შეიძლება გაიმართოს დამნაშავეებთან და მკვლელებთან“.

ყაზახეთში რუსეთის 3000-მდე სამხედრო გაიგზავნა. კონტინგენტში შედიან ასევე სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან. 7 იანვარს, პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თხოვნით, ყაზახეთში ჩავიდა 150 სამხედრო მოსამსახურე მეზობელი ყირგიზეთიდან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედროები ყაზახეთში „არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებებში“.

2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.

4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG