Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთიდან 68 მგზავრი ჩამოფრინდება


საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან 8 იანვარს, 15:30 საათზე მიიღებს თვითმფრინავს, რომელიც 68 მგზავრს ჩამოიყვანს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე.

„ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.

4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი, ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG