Accessibility links

site logo site logo

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნურ-სულთანიდან საქართველოს 3 მოქალაქე ჩამოვა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8 იანვარს დაგეგმილი ქუთაისი - ნურ-სულთანის რეისით სამშობლოში საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება.

„ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ, რომ ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის, საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი - ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.

4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი, ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG