Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ არეულობების დროს დაკავებულია 6000-მდე ადამიანი


ყაზახეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 6000-მდე ადამიანი დააკავეს ქვეყანაში უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე ფართო მასშტაბის არეულობებში.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 იანვარს განაცხადა, რომ ამ მომენტისთვის დაკავებულია 5969 ადამიანი. მათგან 133 „სერიოზულ დანაშაულშია“ ეჭვმიტანილი.

როგორც ვებსაიტი Vlast.kz იუწყება, 164 ადამიანი დაიღუპა 5 იანვარს დაწყებული შეტაკებების შედეგად. მათი უმრავლესობა, 103, ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათიში დაიღუპა.

ყაზახეთის მედიამ 9 იანვარს გაავრცელა ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის პრესსპიკერის, აიდოს უკიბაის კომენტარი. მისი თქმით, ნაზარბაევმა ნებაყოფლობით მიიღო ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება. ნაზარბაევი 28 დეკემბრის შემდეგ არ გამოჩენილა საჯაროდ. არეულობების დროს გავრცელდა ხმები, რომ მან ყაზახეთი დატოვა. მაგრამ უკიბაიმ ტვიტერში დაწერა, რომ ნაზარბაევი დედაქალაქ ნურ-სულთანში იმყოფება და გამოვა მოსახლეობისადმი მოწოდებით, მხარში ამოუდგნენ პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევს.

5 იანვარს გავრცელებული ცნობით, ნაზარბაევი ტოყაევმა მოხსნა უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან, ასევე გაათავისუფლა ეროვნული უშიშროების კომიტეტის გავლენიანი ხელმძღვანელი, ქარიმ მასიმოვი. 8 იანვარს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მასიმოვს სახელმწიფო ღალატში ედება ბრალი.

ყაზახეთის უდიდეს ნაწილში აღდგა წესრიგი, თუმცა ადგილობრივი ტელევიზია 9 იანვარს იტყობინებოდა, რომ ალმათიში ღამით ახალი შეტაკებები მოხდა უშიშროების ძალებსა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს შორის. დემონსტრანტთა მცირე ჯგუფები აქციებს განაგრძობდნენ ასევე ქალაქებში ჟანაოზენსა და აქტაუში.

XS
SM
MD
LG