Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა


ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა, აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. ძალიან განვიცდით ტრაგიკულ მოვლენებს, რომლებიც ყაზახეთში განვითარდა, რომლის შედეგად დაიღუპა ათობით ადამიანი. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა ზომა იქება მიღებული უმოკლეს ვადებში ვითარების საბოლოო დეესკალაციის, უსაფრთხოების და სტაბილურობის მიღწევის მიზნით“, - თქვა ღარიბაშვილმა 10 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, საქართველოს საელჩო ყაზახეთში ხაზზეა საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა საქართველოში.

10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღეა. მასობრივი არეულობის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, გასული კვირაში 164 ადამიანი მოკვდა, თუმცა მოგვიანებით ამ ინფორმაციას ტექნიკური შეცდომა უწოდეს. ამ დრომდე ყაზახეთის შსს-ს ოფიციალურად დადასტურებული აქვს ძალოვანი უწყებების 18 თანამშრომლის და 26 სამოქალაქო პირის სიკვდილი. დაკავებულია 8000-მდე ადამიანი.

ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები 2 იანვარს დაიწყო ქვეყნის დასავლეთში და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება. საწვავის ამ სახეობას ავტომფლობელების უმრავლესობა იყენებს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომას მიაღწიეს, თუმცა პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და ქალაქის აეროპორტიც.

7 იანვარს, პრეზიდენტმა ტოყაევმა განაცხადა, რომ კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია.

XS
SM
MD
LG