Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრალიის მთავრობის წარმომადგენლებმა უარყვეს ინფორმაცია, ჯოკოვიჩის მეორედ დაკავების შესახებ


სერბი ჟურნალისტის ქსენია პავლოვიჩის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში, სავიზო დავაზე მოგებული სასამართლო პროცესის შემდეგ, მალევე, ისევ დააკავეს. ამ ამბის ინფორმატორად პავლოვიჩმა სპორტსმენის მამა დაასახელა და დასძინა, რომ ავსტრალიის ხელისუფლებას ჯოკოვიჩის დეპორტირება აქვს გადაწყვეტილი.

გავრცელებული ინფორმაცია სწრაფადვე უარყო ავსტრალიურმა გამოცემამ The Age-იმ, რომელმაც ქვეყნის მთავრობისა და ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ჯოკოვიჩი მეორედ არავის დაუკავებია. თუმცა, ქვეყნის ემიგრაციის სამინისტრო მისი ვიზის ანულირების საკითხს აქტიურად განიხილავს და სავარაუდოდ, მალე გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის სერბი ლიდერი მელბურნში ხუთი დღის წინ ჩავიდა, ავსტრალიის ღია პირველობაზე სათამაშოდ, მაგრამ ქვეყნის ვაქცინაციის წესების გაუთვალისწინებლობის გამო, აეროპორტიდან საკარანტინე სასტუმროში გადაიყვანეს. სპორტსმენს ჰქონდა დოკუმენტაცია, რომელიც ავსტრალიის ხელისუფლებამ თავდაპირველად საკმარის არგუმენტად ჩათვალა და ქვეყანაში ჯოკოვიჩის გამონაკლისის სახით შეშვებაც თითქოს გადაწყვეტილი იყო, მაგრამ... მას შემდეგ, რაც საერთაშორისო გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გამონაკლისის მოთხოვნისას სერბი ადვოკატების მიერ გამოყენებული ერთ-ერთი საბუთი შეიძლება გაყალბებული ყოფილიყო, ავსტრალიელთა განწყობაც შეიცვალა. ეს საბუთია 16 დეკემბრით დათარიღებული დადებითი PCR-ტესტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 16 და 18 აგვისტოს, ნოვაკმა ხალხმრავალ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა, გაჩნდა ეჭვი, რომ დადებითი ტესტი სწორედ ავსტრალიის ღია პირველობაზე მოსახვედრად დამზადდა.

ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილება მელბურნის სასამართლოში გაასაჩივრა და დღეს დილით, მოსამართლისგან სასურველი ვერდიქტიც მოისმინა - ვიზის გაუქმების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. თუმცა, ავსტრალიის ღია პირველობამდე ერთი კვირა რჩება და 17 იანვრამდე სიტუაცია კიდევ შეიძლება შეიცვალოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG