Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთს დამატებით 308 მილიონ დოლარს მისცემს ჰუმანიტარული დახმარების სახით


შეერთებული შტატები ავღანეთს 308 მილიონ დოლარს შესწირავს ჰუმანიტარული დახმარების სახით, განაცხადა 11 იანვარს თეთრმა სახლმა. ამგვარად, ავღანეთისთვის განკუთვნილი აშშ-ის დახმარება თითქმის 782 მილიონ დოლარს აღწევს ოქტომბრის შემდეგ.

დღესვე გამოქვეყნდა გაეროს მოწოდება მსოფლიოს ქვეყნების მიმართ, რომ წელს 5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარება გაუწიონ ავღანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ჰუმანიტარული კატასტროფა.

აშშ-ისგან დამატებით დახმარებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) გაანაწილებს დამოუკიდებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მეშვეობით. ეს თანხა მოხმარდება თავშესაფრებს, ჯანდაცვას, გამოზამთრებაში დახმარებას, სურსათით დახმარებას, წყალს, კანალიზაციასა და ჰიგიენის სამსახურებს, განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ემილი ჰორნმა. მან ასევე თქვა, რომ ვაშინგტონი ავღანეთს დამატებით ერთ მილიონ დოზა ვაქცინას გადასცემს და ამგვარად ვაქცინების საერთო რაოდენობა 4,3 დოზას მიაღწევს.

„აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს ავღანელ ხალხს და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას,“ თქვა ჰორნმა.

ავღანეთის ეკონომიკა თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაშია მას შემდეგ, რაც თალიბანმა შარშან აგვისტოში დაამხო ავღანეთის ხელისუფლება, რომელსაც დასავლეთი უჭერდა ხელს, და ხელისუფლების სათავეში მოვიდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 20-წლიანი ოკუპაციის შემდეგ ქვეყანა დატოვეს აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ჯარებმა.

XS
SM
MD
LG