Accessibility links

site logo site logo

"სააკაშვილის ტრაილერის" მძღოლი: არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე ეს


ელგუჯა ცომაიამ, იმ ტრაილერის მძღოლი, რომლითაც, გამოძიების ვერსიით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მალულად დაბრუნდა, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მისთვის დიდი პატივისცემა იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მის სახლში ყოფნა. ამის შესახებ მან სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე გამართულ სხდომაზე მოწმედ დაკითვის დროს თქვა.

"ჩემთვის დიდი პატივისცემა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემს სახლში იყო ერთ ადგილას, მეორე ადგილას, ჩემი ბავშვების ოთახში რომ ეძინა და ასევე მინდა მთელ საქართველოს ახალი წელი მივულოცო და პირადად დედამისს...

ერთი არავინ დაინტერესებულხართ, რატომ გავაკეთე ეს ნაბიჯი. თქვენ აზრზე არ ხართ რამდენი პრობლემა მაქვს გადატანილი და დღესაც [მაქვს]. ამას ჰაერზე არ ვამბობ, საბუთები მაქვს და იმასაც გეტყვით, არ ეწყინოთ [პროკურორებს] ახალგაზრდა ბიჭები არიან და თქვენ ახალგაზრდა ქალბატონი [მოსამართლე]. ვერც საგადასახადომ მიშველა, ვერც პოლიციამ მიშველა, ვერც ძველმა ბიჭებმა, ვერც ვერავინ მიშველა. ერთადერთი ადამიანმა მითხრა, რომ შევძლებ მოხმარებასო, ეს იყო გია ლორთქიფანიძე და როგორ არ უნდა ვცემ მე მაგას პატივი?!" - თქვა ცომაიამ.

გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

"გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ გიორგი ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა და დაგეგმა - თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულ მიხელ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა", - აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ბრიფინგზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG