Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს სამეფო სახლი" მიხეილ სააკაშვილს „ჩაკრულოს“ ტექსტის გამოყენებისთვის აკრიტიკებს


"საქართველოს სამეფო სახლი" განცხადებას ავრცელებს და საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ საკაშვილს მიმართავს. სამეფო სახლი აცხადებს, რომ 13 იანვარს სასამართლო პროცესზე სააკაშვილის გამოყენებული ფრაზა ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ ხალხური სიმღერიდან „ჩაკრულო“ სიძულვილის კონტექსტს შეიცავს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში“,- ნათქვამია საქართველოს სამეფო სახლის განცხადებაში.

„საქართვეოლოს სამეფო სახლის“ ვებგვერდის თანახმად, ამ სახლს მეთაურობს მეფე ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის პირდაპირი მემკვიდრე ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, რომელიც არის ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრე.
საქართველო, კონსტიტუციის მიხედვით, დემოკრატიული რესპუბლიკაა. შესაბამისად, ქვეყნის ძირითად კანონში არაფერი წერია მონარქიის, მეფის და სამეფო ოჯახის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 13 იანვრის სასამართლოს პროცესზე სადაც საზღვრის უკანონო კვეთის საქმე განიხილებოდა, ქართველო ხალხის თავისუფლებისთვის ისტორიული ბრძოლის კონტექსტში მოიყვანა ციტატა ხალხური სიმღერიდან „ჩაკრულო“.

გავიმარჯვეთ, იმიტომ, რომ გადამწყვეტია ეს. ქართველი ხალხი ყოველთვის თავის თავში პოულობდა ძალას გაერთიანებისთვის და თავის თავის დახსნისთვის და ქართველმა ხალხმა უნდა დაიხსნას საკუთარი თავი. გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ ჩვენ ისტორიულად არ ვეპუბოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები „ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ - ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის“,- თქვა სააკაშვილმა.

"საქმის გარემოებებს დავიბრუნდეთ" , - მოუწოდა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილს. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა: „ჩაუხტი მუხრან ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდა, ჩამოუხტი“.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.

10 დეკემბერს, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

XS
SM
MD
LG