Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა კულუმბეგოვი: კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ ინფიცირების რისკი 5-ჯერაა გაზრდილი


ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მათთვის, ვინც ერთხელ უკვე გადაიტანა კორონავირუსი, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების რისკი 5-ჯერ არის გაზრდილი.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან საუბარში ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ რისკი მაღალია ორჯერადად ვაქცინირებულებისთვისაც.

რეინფიცირების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში არის დაახლოებით 5-ჯერ გაზრდილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. წინასწარი მონაცემებით, რომელიც დაავადებათა კონტროლის საქართველოს ცენტრმა და მისმა მესვეურებმა გაახმოვანეს, დაახლოებით, ეს არის 16-17%, დაახლოებით 15 პროცენტს ამბობენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც და, რასაკვირველია, ამის რისკის წინაშე ადამიანი დგება, რაც უფრო მეტი დრო გავიდა ვაქცინაციიდან და რაც უფრო მეტი დრო გავიდა ბუნებრივი ინფექციის გადატანიდან. 3 თვისა და მეტის შემდეგ ეს რისკები აშკარად მომატებულია“, - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ის განმარტავს, ასევე, კორონავირუსის სხვა შტამებით ინფიცირების შემდეგ დაახლოებით რამდენ ხანშია მოსალოდნელი „ომიკრონის“ შტამით ინფიცირება.

პირობითად რომ ვთქვათ, თუ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია "დელტა", "ალფა" ვარიანტით, ამ შემთხვევაში შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% მაინც ჰქონდეს გარკვეული რისკი, შეხვდეს "ომიკრონი", იმიტომ, რომ ეს არის 50/50-ზე დაცვის შესაძლებლობა, გამოსავალი არის ბუსტერი, განსაკუთრებით ჩვენი ხანდაზმული მოსახლეობისთვის“, - განმარტა ბიძინა კულუმბეგოვმა.

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 60 753 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 567 შემთხვევა. 1 661-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევიდან 3 479 თბილისშია.

საქართველოში ბოლო ოთხი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო. საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობამ მკვეთრად იმატა კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG