Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ზალკალიანმა და დეგნანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან კონსულტაციები გამართეს


რუსეთის მხრიდან აგრესიულ ქმედებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდთან ​კონსულტაციები გამართეს. ინფორმაციას და კომენტარებს აშშ-ის საელჩო ავრდელებს.

"ცხადია ის, რომ სწორედ რუსეთი შეიჭრა სუვერენულ ქვეყნებში, როგორებიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა და სწორედ რუსეთმა მოახდინა უკრაინის საზღვარზე ჯარების მობილიზაცია მუქარის ნიშნად. რუსეთის ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ ევროპული უსაფრთხოების მთავარი საფრთხე კრემლიდან მოდის და ეს ასეა ბოლო ორი ათწლეულის უმეტესი დროის განმავლობაში. რუსეთი ახლა ცდილობს, ძალისმიერი მუქარით შეცვალოს ოცდაათწლიანი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება", - ამბობს აშშ-ის ელჩი.

მისი თქმით, ნატო, თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც 70 წლის წინ დაარსდა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რუსეთს სთავაზობს სთავაზობს, ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით, საუბარს.

"თუ ახლა კრემლი სერიოზულად უყურებს დიალოგს, მან უნდა გადადგას ნაბიჯები იმ დაძაბულობის დეესკალაციისთვის, რომელიც თავად რუსეთმა შექმნა. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გუშინ განაცხადა, თუკი ევროპული უსაფრთხოება გამოწვევის წინაშე დგას, ეს რუსეთისგან მოდის და არა ნატოდან. რუსეთის რიტორიკა ვერ გადაფარავს იმას, რომ რუსეთი შეიჭრა თავის მეზობელ, დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოებში და განლაგებული ჰყავს ჯარები საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიებზე", - თქვა ელჩმა.

მანვე თქვა, რომ ნატო შემდგომშიც იხელმძღვანელებს უცვლელი პრინციპებით:

  • "გადაწყვეტილებების მიღება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით თითოეულ აპლიკანტ ქვეყანასა და ნატოს 30 მოკავშირებზეა დამოკიდებული. სხვა ვერავის ექნება ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებებზე";
  • "ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ევროპის შესახებ ევროპის გარეშე. ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ნატოს შესახებ ნატოს გარეშე და ჩვენ არ მოვილაპარაკებთ საქართველოს შესახებ საქართველოს გარეშე";
  • "ქვეყნებს აქვთ სუვერენული უფლება, აირჩიონ თავისი ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროს პარტნიორები. საერთაშორისო სამართლის ამ ძირეულმა პრინციპებმა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებას 75-ზე მეტი წლის განმავლობაში მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. ის პრინციპებია, რომელსაც რუსეთის ლიდერები არაერთხელ დაეთანხმნენ".

"თითოეულმა ჩვენგანმა მტკიცედ უნდა უარყოს პრეზიდენტ პუტინის მცდელობა, ჩაანაცვლოს ეს პრინციპები საბჭოური ბატონობით, ჩაგვრითა და კონტროლით. საქართველოში კარგად იცნობთ რუსეთს თქვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის ხანგრძლივი ისტორიიდან გამომდინარე. საქართველო ნატოსა და შეერთებული შტატების ღირებული პარტნიორია და ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, რომ ვუპასუხოთ ამ კრიზისს ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობის ფონზე", - ამბობს აშშ-ის ელჩი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის თანამშრომლობისთვის, მუდმივი კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რომელიც საქართველოს აქვს. მისი თქმით, დღევანდელი გამოწვევების ფონზე ეს მნიშვნელოვანია.

"დღევანდელი საუბრის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა და დადასტურდა, რომ ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესების იდენტური აღქმა და შეფასება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პარტნიორობის სიღრმესა და სიმტკიცეს. ჩვენი პოზიცია ურყევია როგორც საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის სრულიად მიუღებელია რუსეთის მცდელობები ძალის მუქარითა და ამ აგრესიული რიტორიკით მოახდინოს ევროპის გადანაწილება და საკუთარი გავლენის სფეროების ლეგიტიმაცია. სწორედ ასეთი მცდელობებით, აგრესიით რეგიონში, სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციითა და ანექსიით, საერთაშორისო ვალდებულებების მუდმივი შეუსრულებლობით, რუსეთი მიზანმიმართულად ცდილობს ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის დანგრევას", - თქვა ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინიკური უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი თავად არის იმ შეთანხმებების ხელმომწერი, რომლის თანახმადაც ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს უფლება განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მიიღოს გადაწყვეტილებები უსაფრთხოების ალიანსებთან დაკავშირებით.

რუსეთი ითხოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებს, მაშინ, როდესაც თავად წლების მანძილზე თავს არიდებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ მიერ აშშ-სთან, ასევე, ნატო-ს მოკავშირეებთან გამართული კონსულტაციების შედეგად, იმ მხარდამჭერი გზავნილების ფონზე, რომელსაც ვიღებთ ჩვენი პარტნიორებისგან როგორც საჯაროდ, ასევე დახურული შეხვედრების ფორმატში, ცხადია, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვა არ მოხდება; საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია.

აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ საქართველო სოლიდარულია უკრაინის [მიმართ]. ჩვენ საერთო საფრთხისა და გამოწვევების წინაშე ვდგავართ - 2008 წელს საქართველომ გამოიარა რუსეთის აგრესია და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც გრძელდება. მსოფლიომ, ჩვენმა პარტნიორებმა, აღარ უნდა დაუშვან ისტორიის გამეორება და ის, რომ უკრაინასთან დაკავშირებული პროცესები კიდევ ერთხელ ამ მიმართულებით წავიდეს. სწორედ ამიტომ ძალიან ვაფასებთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩართულობასა და დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც სწორედ ამ მიზნისკენაა მიმართული", -თქვა ზალკალიანმა.

12 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

"ნატოს წევრები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ კომპრომისზე არ წავლენ საკუთარ საკვანძო პრინციპებთან, ევროპის ყოველი ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ნატოს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება გადაწყვეტილებაზე, მიღებულ უნდა იქნეს თუ არა უკრაინა ნატოში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG