Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტოლტენბერგი: ნატოს წევრებმა რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან


რუსეთთან მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, მაგრამ შედგა აზრთა სერიოზული და პირდაპირი გაცვლა-გამოცვლა უკრაინასთან დაკავშირებით, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, მხარეებს შორის კვლავაც რჩება აზრთა მნიშვნელოვანი სხვადასხვაობა და ამ საკითხებში საერთო მიდგომის პოვნა რთული ამოცანაა. მაგრამ მოლაპარაკებებზე შევეხეთ ფაქიზ თემებს. სტოლტენბერგმა დადებითი სიგნალი უწოდა იმას, რომ ნატოს ყველა წევრი და რუსეთის წარმომადგენლები ერთი მაგიდის გარშემო აღმოჩნდნენ.

12 იანვარს ბრიუსელში გამართული შეხვედრა რუსეთ-ნატოს საბჭოს პირველი სხდომაა 2019 წლის შემდეგ. მოლაპარაკებებზე დაგეგმილი იყო რუსეთის მიერ „უსაფრთხოების გარანტიების“ თაობაზე ახლახან წამოყენებული მოთხოვნების განხილვა. მოსკოვი უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ არ მოხდეს ნატოს შემდგომი გაფართოება აღმოსავლეთით, რათა ორგანიზაციამ არ მიიღოს საკუთარ რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, პირველ რიგში - უკრაინა და საქართველო.

სხდომის შემდეგ იენს სტოლტენბერგმა სიმართლესთან აბსოლუტურად შეუსაბამო უწოდა მტკიცებულებას, რომ ჩრდილოატლანტიკური კავშირის გაფართოება აგრესიული ნაბიჯია. „ნატოს წევრები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ კომპრომისზე არ წავლენ საკუთარ საკვანძო პრინციპებთან, ევროპის ყოველი ცალკეული ქვეყნის სუვერენიტეტთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ნატოს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან. რუსეთს არა აქვს ვეტოს უფლება გადაწყვეტილებაზე, მიღებულ უნდა იქნეს თუ არა უკრაინა ნატოში,“ განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა კვლავ გაიმეორა, რომ უარყოფს მოსკოვის მოთხოვნას, კიევს უარი ეთქვას ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გაძლიერებას რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების შემთხვევაში, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დასავლელი მოკავშირეები შეისწავლიან ამ საკითხს.

ასევე, ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური კავშირი მზადაა მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეიარაღება და რაკეტების განთავსება. რუსეთმა ამ წინადადებებზე პასუხისთვის დამატებითი დრო ითხოვა, თქვა ნატოს ხელმძღვანელმა.

ოთხშაბათის კონსულტაციები 4 საათს გაგრძელდა. სტოლტენბერგის გარდა მასში მონაწილეობდნენ ალიანსის 30 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე უენდი შერმანი. რუსეთის დელეგაციას მეთაურობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრ გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი.

რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა მეორე შეხვედრა იყო მოლაპარაკებების სერიაში, რომელიც ეხება მოსკოვის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნას. პირველი განხილვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციებს შორის გაიმართა ჟენევაში 9-10 იანვარს. მესამე შეხვედრა 13 იანვარს შედგება ეუთოს ფარგლებში.

ორშაბათს, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვმა გაიმეორა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებას. მისი სიტყვებით, მოსკოვი არ ენდობა ნატოს და მოითხოვს „რკინა-ბეტონის, იურიდიულად ღირებულ გარანტიებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG