2022 წლის იანვრის საპროტესტო აქციების დროს ყაზახეთში დაიღუპა 225 ადამიანი, მათ შორის 19 სამართალდამცავი. ამის შესახებ გენაცხადა ყაზახეთის გენერალურმა პროკურორმა სერიკ შალაბაევმა, რომლის თქმით, დაშავდა დაახლოებით 4500 ადამიანი, მათგან 3 ათასზე მეტი პოლიციელი და ეროვნული გვარდიის ჯარისკაცია.
შალაბაევმა აღნიშნა, რომ მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება და ხაზი გაუსვა იმას, რომ ცეცხლი "მხოლოდ ტერორისტებს" გაუხსნეს. პროკურატურა სამართალდამცავების ქმედებებთან დაკავშირებით სამ ათეულ საჩივარს იძიებს.
გენერალური პროკურატურა დაახლოებით 550 სისხლის სამართლის საქმეს იძიებს, მათ შორის 44 ტერორისტულ თავდასხმასა და 15 მკვლელობას. დაპატიმრებულია 450-მდე ადამიანი.
მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ 164 ადამიანის დაღუპულის შესახებ განაცხადა, მაგრამ შემდეგ ამ მონაცემებს ტექნიკური შეცდომა უწოდეს.
იმავდროულად, ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ექს-პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევის გამზირზე, ჩამოხსნეს ყველა აბრა, რომელზეც ნაზარბაევის სახელი ეწერა. მედია იუწყება, რომ ქვეყანაში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება დედაქალაქისათვის ძველი სახელის - ასტანის დაბრუნების მოთხოვნით.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ნაზარბაევის ახლობლები ტოვებენ თანამდებობებს მსხვილ კომპანიებში. ექსპრეზიდენტის უფროსი ქალიშვილი, დეპუტატი დარიგა ნაზარბაევა ახალი წლის შემდეგ პარლამენტის სესიებზე აღარ გამოჩენილა. მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ ნაზარბაევა ავად გახდა და შინ იმყოფება ალმათიში. დანარჩენი ნათესავების და თავად ყოფილი პრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
საპროტესტო აქციები, რომელიც 2 იანვარს დაიწყო დასავლეთ ყაზახეთში, მანგისტაუს რეგიონში, თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათის იყო და მისი მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თხევადი გაზის გაზრდილი ფასების გამო, მაგრამ შემდგომში მოთხვონებმა პოლიტიკური ელფერი მიიღო. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან წასვლას, მისი მემკვიდრის, ტოკაევის გადადგომას, პოლიტიკური რეფორმების გატარებას და დემოკრატიულ არჩევნებს.
დაწერეთ კომენტარი