Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ზალკალიანი: არ იქნება 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია


17-18 იანვარს, ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს ნატოს შტაბ-ბინასა და ევროკავშირში. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან. ამავე დღეს გაიმართება არაფორმალური შეხვედრა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს და გადაწყვეტილებები ქვეყანასთან მიმათებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს ჩართულობის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატოში დაგეგმილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციის და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით და თუ რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მათ შორის მადრიდის სამიტის წინ, იმისთვის, რომ საქართველოს მიზნები, რაც უკავშირდება ნატო-ში გაწევრიანებას, იქნას რეალიზებული.

„ჩვენი ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ჩვენს ქვეყანას და გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებაში არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს გარეშე. მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, მათგან , უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე , თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა ნატო-ს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ ნატოს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს ნატოში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი" -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს არის თანმიმდევრული და ქვეყნის გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, რჩება უცვლელი და სახელმწიფოს მიდგომებში არაფერი იცვლება.

„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. არაფერი არ იცვლება ჩვენს მიდგომებში, ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს გზავნილს მოვისმენთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეცვლის პოზიციას, მაგრამ აუცილებელია, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ეს გაჟღერდა როგორც გენერალური მდივნის მხრიდან, ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა იმ წინაპირობების ხარჯზე და იმ წინაპირობებით, რა წინაპირობებსაც რუსეთის ფედერაცია აყენებს ნატოს გაფართოების კონტექსტში" -განაცხადა ვიზიტის წინ ზალკალიანმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG