Accessibility links

site logo site logo

“პუტინს უნდა შევხედოთ, როგორც ტონი სოპრანოს” - ედვარდ ლუკასი მოსკოვთან მოლაპარაკებებისა და ომის რეალური საფრთხის შესახებ


ედვარდ ლუკასი

„ძალიან გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ - დასავლეთის გასაგონად უკვე 15 წელიწადია ვწერ. და არა მარტო მე - ბალტიელები, რეგიონის სხვა ქვეყნები, 1990-იანი წლებიდან გამუდმებით გვაფრთხილებდნენ, რომ რუსეთი სახიფათო გზას ადგას. და, რა თქმა უნდა, არავინ მოგვისმინა. შედეგად, დღეს ევროპული უსაფრთხოების უმწვავესი კრიზისისა და ომის რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბრიტანელმა ჟურნალისტმა და ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსმა, ედვარდ ლუკასმა. ვაჟა თავბერიძე მას პრაღიდან ესაუბრა.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რატომ დასჭირდა დასავლეთს ამდენი დრო „გამოსაღვიძებლად“?

ედვარდ ლუკასი: და გამოიღვიძა კი დასავლეთმა? მე ვიტყოდი, რომ ნახევარ დასავლეთს ჯერ ისევ სძინავს. ეს ის ფილოსოფიაა, რომელსაც ვერა და ვერ ველეოდით - რომ ყველაფერი ნატოს გაფართოების ბრალია, რომ ვერ შევძელით, რუსეთთან საქმიანი დიალოგი გვქონოდა. შედეგად გვყავს 14000 დაღუპული უკრაინელი და ვშიშობ, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება - ეს ყველაფერი კი დასავლეთის გულუბრყვილობის, თვითკმაყოფილებისა და სიხარბის „დამსახურებაა“.

ლენინმა თქვა: „კაპიტალისტები მზად არიან, მოგვყიდონ თოკი, რომელზედაც მათ ჩამოვკიდებთ“. მეორე ვლადიმირმა, პუტინმა კი, ეს პრინციპი რეალურ პრაქტიკად აქცია. კარგა გრძელი თოკი შემოგვაჩეჩა და ჩვენც დიდი მონდომებით დავწანით ყულფი.

ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ცივი ომი მორჩა და აღარ გამეორდებოდა - ვერ შევიგნეთ, რომ ჩეკისტი ჩეკისტად დარჩება, თუნდაც ეპოლეტებზე ნამგალი და ურო არ ეხატოს. ეს სერიოზული შეცდომა იყო. არც ის გვესმოდა, რომ სუსტი რუსეთიც კი იმპერიალისტობას ვერ შეელევა - აი, ეს იყო დასავლეთის გულუბრყვილობა. შემდეგ ვთქვით - დიახ, პრობლემა არსებობს. მაგრამ თვითკმაყოფილებამ გვძლია, და გადავწყვიტეთ, რომ ეს არც ისე სერიოზული პრობლემაა, რომ საჭირო იყო ცოტაოდენი დიალოგი რუსეთთან, ცოტახნით ნატოს გაფართოების შენელება აღმოსავლეთ ევროპაში და ამ პრობლემას მოვაგვარებდით. და ბოლოს, ყველაზე ამაზრზენი, რაც ჩავიდინეთ - სიხარბე. მიუხედავად პრობლემისა, მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთთან ფულის კეთებას ვერ შეველიეთ. ლენინმა თქვა: „კაპიტალისტები მზად არიან, მოგვყიდონ თოკი, რომელზედაც მათ ჩამოვკიდებთ“. მეორე ვლადიმირმა, პუტინმა კი, ეს პრინციპი რეალურ პრაქტიკად აქცია. კარგა გრძელი თოკი შემოგვაჩეჩა და ჩვენც დიდი მონდომებით დავწანით ყულფი.

რადიო თავისუფლება: რუსეთთან დიალოგის ფორმატი, რომელსაც ასე ვერ ელევა დასავლეთის ზოგი ლიდერი - რა მოიგო დასავლეთმა ამით?

ედვარდ ლუკასი: მე ვემხრობი დიალოგსა და მოლაპარაკებებს, მაგრამ ზუსტად უნდა იცოდე, რა მიზნები გაქვს, რისი დათმობა შეგიძლია და რისი არა. თუ მაფიოზი მოგადგება და გეტყვის: შენი ბიზნესი უნდა მომცე, შენი პასუხი არ უნდა იყოს: „ოკეი, დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“. უნდა თქვა, რომ პოლიციაში დარეკავ. ჩვენ ასე არ მოვიქეცით. პუტინს უნდა შევხედოთ, როგორც ტონი სოპრანოს (ტონი სოპრანო - მაფიოზების ბოსი პოპულარული ამერიკული სერიალიდან „სოპრანოს კლანი“) - ეს სერიალი მშვენიერი სახელმძღვანელოა პუტინის და, ზოგადად, რუსული აზროვნების შესასწავლად.

რადიო თავისუფლება: დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება გადასცა - რამდენად დიდია ბრიტანული „ფსონი“ და ჩართულობა ამ კონფრონტაციაში?

ედვარდ ლუკასი: ამ ამბავმა გამახარა - და კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, ეს რომ უფრო ადრე გაგვეკეთებინა. ბრიტანეთი რუსულ საფრთხეს სერიოზულად აღიქვამს და უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი პრინციპია. იდეალურ სამყაროში, გერმანიის კანცლერი შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გამოვიდოდნენ და ხმამაღლა განაცხადებდნენ - უკრაინელების მხარეს ვართ, და არავის მივცემთ უფლებას, ევროპაში „დაყავი და იბატონე“ გააჩაღონ. მაგრამ ვშიშობ, ეს მხოლოდ ჩემს სურვილად დარჩება - გერმანიის მთავრობა საპირისპირო მიდგომას არჩევს: უკრაინას იარაღი არ უნდა მივცეთ, რათა სიტუაციის ესკალაცია არ მოხდესო. ამის კეთებით კი, ფაქტობრივად, უზრუნველყოფენ სიტუაციის გაუარესებას.

რადიო თავისუფლება: ვრცელდება ინფორმაცია, რომ კანადამ უკრაინაში სპეციალური ძალების მცირე ჯგუფი გაგზავნა - უნდა ველოდოთ თუ არა მეტ მსგავს ნაბიჯებს ბრიტანეთისა და კანადისაგან?

ედვარდ ლუკასი: კანადელები უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევენ, მაგრამ არა მგონია, პუტინმა შეიცხადოს: „ღმერთო ჩემო, კანადელები მოდიან, გეგმები უნდა შევცვალოთ!“-ო. რაც გვჭირდება, არის ბალტიის ქვეყნებში ნატოს საგრძნობი და დაუყოვნებელი გაძლიერება. ვადამდელი წვრთნები ნატოს ეგიდით, რათა ვაჩვენოთ, რომ ნატო მზად არის თავისი წევრების დასაცავად. ძლიერი ორმხრივი მხარდაჭერა უკრაინისთვის, და არა მხოლოდ სამხედრო კუთხით - ვიტყოდი, რომ ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე. თუ ევროპული საბჭო შეიკრიბება და გამოაცხადებს: დიახ, გვინდა, უკრაინა რაც შეიძლება მალე ჩვენს რიგებში ვიხილოთ, ეს სიგნალი იქნება პუტინისთვის, რომ მისი ქმედებები კონტრპროდუქტიულია. რომ თუ ის ეცდება, დასავლეთს უკრაინა გამოგლიჯოს, დასავლეთიც სათანადოდ უპასუხებს. ასე უნდა მოიქცეს დასავლეთი, ჩემი აზრით, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს არ მოხდება.

ნატო, იმის ნაცვლად, რომ უკრაინისთვის დიდი ხნის წინ მისაცემი მაპ-ი გაემეტებინა, პირიქით, რუსეთის ხედვის განმტკიცებას შეუდგა - ხედვისა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინაა დაცული, როდესაც მისი მეზობლები არიან დაუცველები.

რადიო თავისუფლება: როგორ გგონიათ, რატომაა, რომ უფრო მეტი ადამიანი არ ფიქრობს ისე, როგორც თქვენ?

ედვარდ ლუკასი: აბა, რა გითხრათ - თავს კასანდრასავით ვგრძნობ - ტროის თავზე კვამლი ადის. მე კი ისევ ვაფრთხილებ მათ ტროის ცხენის შესახებ. ყველა წინასწარმეტყველება ახდა, თუმცა მაინც არავინ აქცევს ყურადღებას.

რადიო თავისუფლება: როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთმა კრემლს ოდიოზური „უსაფრთხოების გარანტიების“ მიცემაზე უარი უთხრა - და მიუხედავად ამისა, საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამბობს, რომ კრემლში ვაშინგტონისა და ნატოსგან წერილობით პასუხს ელოდებიან. ისმის კითხვა - რატომ?

ედვარდ ლუკასი: მიზეზი, რატომ ბედავს რუსეთი მსგავსი ულტიმატუმების წამოყენებას, მარტივია: ნატო, იმის ნაცვლად, რომ უკრაინისთვის დიდი ხნის წინ მისაცემი მაპ-ი გაემეტებინა, პირიქით, რუსეთის ხედვის განმტკიცებას შეუდგა - ხედვისა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინაა დაცული, როდესაც მისი მეზობლები არიან დაუცველები. რაც შეეხება იმას, თუ რად უნდათ რუსებს წერილობითი პასუხი, აქ ორი შესაძლო სცენარია. ერთი, ამ ქაღალდზე რამე ისეთი ეწერება, რასაც რუსეთი დაამახინჯებს და საკუთარ გამარჯვებად გაასაღებს. მეორე სცენარის მიხედვით კი, რუსეთი შესძახებს: „ნახეთ! შეხედეთ დასავლეთის ულტიმატუმს! ისინი სხვა გზას არ გვიტოვებენ, გარდა იმისა, რომ ძალის გამოყენებით ვუპასუხოთ!“

უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინს დიდად არ ანაღვლებს „პრავდა“-სა და „ისწინა“-ს შორის განსხვავებები, იმ შემთხვევაში, თუ შეუძლია სიმართლე თავის ინტერესებს მოარგოს და მერე რუს ხალხს ჭეშმარიტებად შეასაღოს.

რადიო თავისუფლება: თუ მოქმედებები მეორე სცენარის მიხედვით განვითარდა, როგორ ფიქრობთ, სად შეიჭრება რუსეთი - რა იქნება კრემლისთვის პრიორიტეტული სამიზნე?

ედვარდ ლუკასი: ვფიქრობ, კრემლში სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობენ და ერთ-ერთია, რამე ისეთი მანევრი შემოგვთავაზონ, რაც დასავლეთს ღია ომზე ნაკლებად აფრთხობს. მაგალითად, რაიმე ახალი შეთანხმება ბელარუსთან, რომელიც თან უკრაინას შეუქმნის საფრთხეს, თანაც ბელარუსს გადააქცევს რუსეთის ფედერაციის ნაწილად მინიმუმ სამხედრო თვალსაზრისით. ეს თუ მართლა მოხდება, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ბევრი დასავლეთში შვებით ამოისუნთქებს: მადლობა ღმერთს, ომამდე არ მივიდა საქმეო. მეორე მხრივ, შესაძლოა, ყირიმისთვის წყლის მიწოდების პრობლემის მოსაგვარებლად ჩრდილო ყირიმის არხს დაეპატრონონ. შეუძლიათ აზოვის ზღვაში გაითამაშონ რაიმე ან მარიუპოლის დაკავება სცადონ. არც ისაა გამორიცხული, რაიმე ფორმით დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები ფედერაციის სუბიექტებად გამოაცხადონ და ამის შემდეგ იმოქმედონ. ინიციატივა პუტინს აქვს და არჩევანიც მასზეა - ის პიანისტია, რომელიც როიალს უზის და ფიქრობს, რა მელოდია დაუკრას. ჩვენ კი, იმის მაგივრად, რომ დაკვრის უფლება არ მივცეთ, ველოდებით, რას დაუკრავს.

რადიო თავისუფლება: დასავლეთი რუსეთს „უპრეცედენტო“ სანქციებით ემუქრება - რამდენად „უპრეცედენტო“ უნდა იყოს სანქციები, რომ პუტინმა საკუთარ გეგმებზე უარი თქვას?

ედვარდ ლუკასი: ვფიქრობ, მარტო სანქციებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, მთავარია ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, თავი დავიცვათ. როგორც აღვნიშნე, უნდა დავაჩქაროთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება, ბალტიის რეგიონში მეტი სამხედრო ძალა და ინფრასტრუქტურა უნდა განთავსდეს, რაღაც უნდა გაკეთდეს შავ ზღვაშიც. უფრო ინტენსიურად უნდა განიხილებოდეს ფინეთისა და შვედეთის ნატოში შესვლის სცენარებიც.

რადიო თავისუფლება: ამბობთ, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინის გაწევრიანება, ნატომ კი კიევს MAP-ი უნდა მისცეს. საქართველო სად ფიგურირებს ამ ოპტიმისტურ სცენარში?

ედვარდ ლუკასი: ვფიქრობ, საქართველომ ერთობ რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი - თქვენ დაკარგეთ რეგიონში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების ფორპოსტის სტატუსი და რეპუტაცია. და ამის შედეგად, ვფიქრობ, დასავლეთის დღის წესრიგის ბოლოსკენ „ჩაჩოჩდით“. ეს ძალიან მაწუხებს, ჩემს დღის წესრიგში საქართველო ისევ მნიშვნელოვანი საკითხია - უამრავი ქართველი მეგობარი მყავს და ძალიან მადარდებს ის, რაც ხდება საქართველოში. ვფიქრობ, ქვეყნის შიგნით შექმნილი სიტუაცია არათუ ეხმარება, უშუალოდ აზარალებს საგარეო პოლიტიკის ვექტორს, ამიტომ გულახდილად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს ნატო & ევროკავშირში გაწევრება დასავლეთისთვის ახლა უფრო ნაკლებად პრიორიტეტული გახდა, ვიდრე მანამდე იყო. ბევრი იმასაც კი იტყვის, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია რუსეთის ორბიტაზეა, რომ ამ ქვეყანას აღარ აქვს ის სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა, რაც ადრე ჰქონდა. მე ასე არ ვფიქრობ, არ მინდა ჩრდილი მივაყენო საქართველოს შანსებს, მეტიც, დღემდე მწამს, რომ საჭიროა, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. მაგრამ, უხეშად რომ ვთქვათ, ამისთვის აუცილებელია საქართველო აზრზე მოვიდეს - არა მგონია, ბატონ ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გააზრებული ჰქონდეთ, რამხელა ზიანს აყენებს მათი შიდაპოლიტიკური მაქინაციები ქვეყნის რეპუტაციას. ასე რომ, საჭირო იქნება ძირეული გარდაქმნა, რომ საქართველო ისევ სერიოზულად აღიქმებოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG