Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მოქმედი პრემიერი გამოდის თალიბანის ადმინისტრაციის აღიარების მოწოდებით


ავღანეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მთავრობებს მოუწოდებს ოფიციალურად აღიარონ თალიბანის ხელმძღვანელობით მოქმედი ადმინისტრაცია, რომელიც ომით გაჩანაგებულ ავღანეთში აგვისტოში მოვიდა ხელისუფლებაში, და ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ საამისოდ ყველა პირობა შესრულებულია.

"ყველა მთავრობას, განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებს მოვუწოდებ დაიწყონ აღიარება" - თქვა თალიბანის თანადამაარსებელმა, მოლა მოჰამად ჰასან ახუნდმა, 19 იანვარს და დასძინა, რომ რადიკალურმა ისლამისტურმა ჯგუფმა ყველა აუცილებელი პირობა შეასრულა მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენით. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით ბლოკი მოეხსნას ავღანეთის გაყინულ ქონებას უცხოეთში, და გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისია, რამაც მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ჩააგდო.

თალიბანი ავღანეთში ხელისუფლებაში მოვიდა მას შემდეგ, რაც დაემხო საერთაშორისო ძალების მიერ მხარდაჭერილი მთავრობა და ქვეყნიდან გავიდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები, 20 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის მერე. ავღანეთის ახალი მმართველები ჯერჯერობით არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია, დასავლეთის სახელმწიფოები აკვირდებიან როგორ მართავს ქვეყანას ამ ჯერზე ეს ჯგუფი - რომელიც ცნობილი იყო ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფით ხელისუფლებაში პირველად ყოფნისას, 20 წელზე მეტი დროის წინ.

აღიარების, და ძალიან საჭირო დახმარების მოპოვების მიზნით, თალიბანი მიანიშნებს, რომ ამ ჯერზე ქვეყანას უფრო ზომიერი მეთოდებით მართავს, ვიდრე უწინ, როცა ისლამური სამართლის რადიკალურ ფორმას ამკვიდრებდა. თუმცა თალიბანი რჩება ინტენსიური საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, განსაკუთრებით ქალების უფლებების შეზღუდვისთვის განათლების, შრომის და ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის თვალსაზრისით.

ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა დასავლეთის სახელმწიფოებმა გაყინეს ავღანეთის საბანკო ქონება, რომელიც მილიარდობით დოლარის მოცულობისაა და შეწყვიტეს განვითარების დაფინანსება, რაც უწინ ავღანეთის ეკონომიკის ხერხემალი იყო. ამან გამოიწვია მძიმე ფინანსური კრიზისი, მასშტაბური ინფლაციით, უმუშევრობით, და ნაღდი ფულის უკმარისობით, რის გამოც ავღანეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება საკმარის საკვებზე, წყალზე, თავშესაფარზე და ჯანდაცვაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG