Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაადამიანური მოპყრობის საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილი დაზარალებულად არ ცნო


საქართველოს პროკურატურამ არ დააკმაყოფილა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც სააკაშვილის გლდანის #18 პენიტენციურ დაწესებულებასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალში სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს შეეხებოდა, განცხადება პროკურატურამ დღეს, 20 იანვარს გაავრცელა.

"პროკურატურა გამოთქვამს მზაობას დაცვის უფლების სრულყოფილად უზრუნველყოფისთვის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ ადვოკატებს მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში.​

პროკურატურა განმარტავს, რომ მიზეზი მოთხოვნის დაუსაბუთებლობაა.

მეტიც, ამავე განცხადებაში საუბარია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ამ დრომდე არ შეასრულა პროკურატურის მითითება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ.

სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ ადვოკატებმა პროკურატურას რამდენიმე დღის წინ მიმართეს. ისინი მოითხოვდნენ სააკაშვილის ღირსების შემლახავი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლად აღიარებას.

"ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ სრული წვდომა გვქონდეს ყველა მასალაზე, რომელიც არსებობს დღეს იმ უწყებაში, რომელიც გამოძიებას აწარმოებს ამ საკითხზე", - ამბობდა სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევდა, რომ ადვოკატების მოთხოვნა სამართლიანი იყო.

"რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსს, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ეს მოთხოვნა და ვფიქრობ, რომ არის სამართლიანი მოთხოვნა. თუმცა, იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს კონკრეტული პოზიცია ამისთვის საჭიროა საქმის მასალების ნახვა და შესწავლა", - ამბობდა ის.

საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა 2021 წლის 9 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის შემთხვევაზე. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინება და სოციალურ ქსელებსა თუ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია. მოგვიანებით კი, სანამ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში დააბრუნებდნენ, მას კონფლიქტი ჰქონდა საბადრაგო სამსახურის თანამშორმლებთან.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ ერთი საქმე საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG