Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინა "ჰავანის სინდრომთან" რუსეთის კავშირი


აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო(CIA) ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ რუსეთის, ან რომელიმე სხვა უცხო სახელმწიფოს მთავრობა დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიური მისიების და დაზვერვის თანამშრომელთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების, „ჰავაის სინდრომად“ წოდებული ინციდენტების უკან.

ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის AFP, AP და Reuters-ი წერს სააგენტოს შუალედური დასკვნის შესახებ ინფორმირებულ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. წინასწარი შეფასებით, ამერიკელების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების 1000 შემთხვევიდან უმრავლესობა აიხსნება სხვადასხვა სამედიცინო, ეკოლოგიური და ტექნიკური ფაქტორით, მათ შორის დღემდე დაუდგენელი დაავადებებით. ასეულობით შემთხვევიდან მხოლოდ ოცამდე შემთხვევაში ვერ მოხერხდა შეუძლოდ გახდომის მიზეზების დადგენა.

აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთა უჩვეულო დაავადების პირველი შემთხვევები 2016 წელს დაფიქსირდა კუბის დედაქალაქ ჰავანაში. მას შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყო ამერიკული დიპლომატიური მისიების და დაზვერვის თანამშრომლების და სამხედროების დაავადების ასეულობით შემთხვევა. ძირითადი სიმპტომები იყო თავის ტკივილი, ღებინება, მეხსიერების პრობლემა და თავბრუსხვევა. მსგავსი შეტყობინებების მასშტაბმა გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთი, ან შეერთებული შტატების რომელიმე სხვა მეტოქე ამერიკელების წინააღმდეგ მიკროტალღებს, ან სხვა საშუალებებს იყენებდა.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, უილიამ ბერნსმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი გააფრთხილეს კიდეც, რომ თუ ამ ყველაფრის უკან ის დგას, სერიოზულ შედეგებს მიიღებდა.

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო გამოძიებას განაგრძობს იმ შემთხვევებზე, როცა შეუძლოდ გახდომის მიზეზი ვერ დადგინდა, ამიტომ უცხო სუბიექტის ჩარევის ვერსიას საბოლოოდ ჯერჯერობით არ გამორიცხავს.

XS
SM
MD
LG