Accessibility links

site logo site logo

"მუშაობის ჩვეულებრივი თანმდევი პროცესები" თუ დანაშაული? - ოპოზიცია სიღნაღის მერიაში გამოძიებას ითხოვს


სიღნაღი

სიღნაღის ძველი მერი არ მოელის, რომ პროკურატურა, საქმის გამოძიების შემთხვევაში, დანაშაულის კვალს მიაგნებს, შიდა აუდიტის ანგარიშში ასახულ ფაქტებთან დაკავშირებით. პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით ოპოზიციიდან მიმართეს.

სიღნაღის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ელიზბარაშვილმა საოლქო პროკურატურაში განცხადება 20 იანვარს შეიტანა და სიღნაღის მერიაში გამოძიების დაწყება მოითხოვა, შიდა აუდიტის ანგარიშის საფუძველზე.

ლაპარაკია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებზე, რომელიც 2018-2020 წლებს მოიცავს და მასში, ოპოზიციური პარტიის მტკიცებით, დანაშაულებრივი ფაქტებია აღწერილი. საკრებულოს დეპუტატის ინფორმაციით, დარღვევები ძირითადად საწვავის ხარჯებს უკავშირდება - როცა საჯარო მოხელეები იმაზე მეტ ბენზინს მოიხმარდნენ, ვიდრე ოფიციალურად მათთვის არის განკუთვნილი.

გიორგი ელიზბარაშვილი ამბობს, რომ მერიის თანამშრომლების ნაწილი დოკუმენტსაც აყალბებდა და, მაგალითად, მივლინებაში ყოფნის დროს, საწვავის ხარჯი უწყისში იმგვარად აისახებოდა, რომ, თითქოს ადგილზე მოიხმარეს. ელიზბარაშვილი სამართალდამცავი უწყებისაგან დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

"აუდიტის სამსახური ვალდებულია, რომ როგორც კი დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, მაშინვე მიმართოს შესაბამის საგამოძიებო უწყებებს, თუმცა ამას არ აკეთებენ და შემოიფარგლებიან მხოლოდ საყვედურით ან შენიშვნით. ამიტომ ჩვენ მივმართეთ პროკურატურას დაიწყოს გამოძიება იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ხდება სიღნაღის მერიაში“, - თქვა დეპუტატმა ელიზბარაშვილმა. მან სიღნაღის შიდა აუდიტის ანგარიშები მედიას გადასცა.

შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან
შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიშიდან

მაგალითად, დასკვნაში წერია შემდეგი:

  • „ცუდი მდგომარეობაა ა(ა)იპი "კომუნალური 1"-ის აღრიცხვისა და ხარჯვის საქმეში. კერძოდ, საწვავის ხარჯვის უწყისში ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია კილომეტრები დასახლებულ პუნქტებს შორის. ასევე ნაგვის გამტანი 5 ავტომანქანიდან საწვავის ხარჯვის დოკუმენტებს ადგენს მხოლოდ ერთი ავტომობილის მძღოლი. ყოველგვარი დოკუმენტების გარეშე ექსკავატორ-დამტვირთავზე გაცემულია 8 ტონამდე დიზელის საწვავი. საერთო ჯამში 2018 წელს საბუთების გარეშე გაცემულია 38 ტონაზე მეტი საწვავი, რომლის საერთო ღირებულება 85 ათასი ლარია.
  • ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილია სოფლებსა და ქალაქებს შორის მანძილები, რაც საწვავის არამიზნობრივ ხარჯვას იწვევს. ასევე, იყო შემთხვევები, როცა საწვავით მოსარგებლე პირი იყო მივლინებაში და ამისთვის სამივლინებო ხარჯებიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა სხვა დოკუმენტებში ეწერა, რომ ამავე დღეს კონკრეტული პირი ადგილზე იმყოფებოდა სამსახურში და მასზე საწვავიც ხარჯიც არის გაწერილი. ასევე მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ საწვავი გახარჯული იმ დროს, როცა ის იმყოფებოდა მივლინებით უცხოეთში“.

ამავე დოკუმენტიდან ცნობილი ხდება, რომ აუდიტის სამსახურმა 2018 წელს რამდენჯერმე შეამოწმა საკვების ხარისხი უპოვართა უფასო სასადილოში და ის არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს.

ასევე პრობლემად არის დასახელებული ინვენტარიზაციის საკითხი. სიღნაღის მერიის აუდიტორები მიუთითებენ, რომ მერიამ და საკრებულომ 2019 წელს შეიძინეს დაახლოებით 25 ათასი ლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და საჭირო აქსესუარები, თუმცა წლების განმავლობაში არ მომხდარა ძველი ტექნიკის ჩამოწერა.

აუდიტის სამსახურის უფროსი ვასილ ბალიაშვილი ამბობს, რომ ამ პრობლემაზე ის უკვე რამდენიმე წელია რეკომენდაციებს გასცემს და ძველი ტექნიკის აღწერა-ჩამოწერას მოითხოვს, მაგრამ რეკომენდაციას არავინ ითვალისწინებს.

ვასილ ბალიაშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ საერთო ჯამში მერიამ რეკომენდაციების ნაწილი გაითვალისწინა, თუმცა პრობლემები მაინც რჩება.

„ჩვენ ვართ რეკომენდაციების გამცემი ორგანო და აქედან გამომდინარე პერიოდულად მონიტორინგს ვატარებთ იმაზე, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები. სხვათა შორის საწვავის საქმეში, 2020 წელს უკეთესი მდგომარეობა იყო ვიდრე მანამდე. რაღაც-რაღაცები არის სადაც, რეკომენდაციების გათვალისწინება არ მოხდა“, - ამბობს ბალიაშვილი.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სიღნაღის მერი გახდა მალხაზ ბეგიაშვილი. შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში ეხება იმ პერიოდს, როდესაც მერი იყო გიორგი გოგილაშვილი.

გიორგი გოგილაშვილი - სიღნაღის ყოფილი მერი
გიორგი გოგილაშვილი - სიღნაღის ყოფილი მერი

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა სიღნაღის ყოფილ მერს, რომელიც ამბობს, რომ ამჟამად უმუშევარია. გიორგი გოგილაშვილი აუდიტის სამსახურის ანგარიშს ეთანხმება, თუმცა დანაშაულს ვერ ხედავს. გამოძიების დაწყების შემთხვევაში ყოფილი მერი მზად არის სამართალდამცავ საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლოს.

„ეს ხომ მუშაობის ჩვეულებრივი თანმდევი პროცესებია... ზოგი კეთილსინდისიერია, ზოგი არა, ნაწილი ცუღლუტობს. გეთანხმებით, იყო რაღაც-რაღაც დარღვევები, აბა, აუდიტი ტყუილად ხომ არ დაწერდა... მაგრამ მანდ საგანგაშო არაფერი ყოფილა, ისეთი რომ ვინმე, მათ შორის - სახელმწიფო დაზარალებულიყოს. „ნაციონალური მოძრაობა“ ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს.

პროკურატურა იქნება, სასამართლო თუ ოპოზიცია, ყველგან ვიტყვი, რომ დარღვევები ნამდვილად იყო, რომელიც გამოვასწორე. პირადად ჩემ მიერ გახარჯული საწვავი რომ ნახონ, მადლობასაც კი მეტყვიან. მე ეკონომიას ვაკეთებდი და საწვავი ყოველ თვე დასახარჯი მრჩებოდა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგი გოგილაშვილმა.

სიღნაღის მერიის შიდა აუდიტის ანგარიშში, კონკრეტული უწყებებისა და გვარების დასახელების გარეშე, აღნიშნულია ასევე, რომ თანამშრომლების ნაწილი სამსახურში ხშირად არ დადის. აქვე ლაპარაკია იმაზეც, რომ მუნიციპალური ქონება გაქირავებულია, თუმცა დროებითი მფლობელები ქირის თანხას არ იხდიან; ვერ ხერხდება დასუფთავების გადასახადის ამოღება და ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს.

დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურა სიღნაღის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას და დაიწყებს თუ არა სიღნაღის მერიის 2018-2020 წლების საქმიანობის შესწავლას, ეს, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო და ფოტო რეპორტაჟებს, სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. რადიო თავისუფლების რეგიონული კორესპონდენტია 2012 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG