Accessibility links

site logo site logo

ქალი აქტივისტების დაკარგვის ფონზე, თალიბანი აცხადებს, რომ აქვს დემონსტრანტების დაკავების უფლება


თამანა ზარიაბ ფარიანი

თალიბანი აცხადებს, რომ აქვს უფლება ზეწოლა განახორციელოს დემონსტრაციებზე და დააკავოს დემონსტრანტები, იმ ფონზე, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა შეშფოთებულია ორი ქალი აქტივისტის ბედით - რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, მიმდინარე კვირაში ქაბულში დააპატიმრეს.

თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 22 იანვარს სააგენტო ფრანს-პრესთან საუბარში უარყო ზოგადად ქალების დაპატიმრების ფაქტი, თუმცა თქვა, რომ თალიბანს აქვს უფლება "დააპატიმროს და დააკავოს დისიდენტები, ან ისინი, ვინც კანონს არღვევენ".

ეს განცხადებები მოჰყვა თალიბანის მიმართ ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის წარმომადგენელთა მოწოდებას გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იმყოფებიან თამანა ზარიაბ ფარიანი და ფარვანა იბრაჰიმხელი, რომლებიც, გავრცელებული ცნობებით, თავ-თავიანთი სახლებიდან წაიყვანეს, რაც იყო ნაწილი ზეწოლის კამპანიისა ბოლო პერიოდში ქალების უფლებებისთვის გამართული აქციების მონაწილეებზე. სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს როგორ ითხოვს დახმარებას ფარიანი და ამბობს, რომ 19 იანვარს მისი სახლის კართან თალიბანის მეომრები გამოჩნდნენ. გავრცელებული ცნობებით იმავე დღეს დააკავეს იბრაჰიმხელიც, და ორი ქალის ადგილმდებარეობის შესახებ ცნობა მას შემდეგ არ გავრცელებულა.

ადამიანის უფლებების დამცველები ავღანეთის ხელისუფლებაში შარშან, აგვისტოს შუა პერიოდში დაბრუნებულ თალიბანს ბრალს სდებენ მძიმე დარღვევებში, განსაკუთრებით ქალებთან მიმართებით, განათლების, მუშაობის და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის შეზღუდვის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG