Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბები მუშაობის განახლების შესაძლებლობას 4-5 მარტიდან ხედავენ


ბასიანი
ბასიანი

“საქართველოს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა“, თბილისის საკლუბო სივრცეების, გაერთიანებებისა და ფესტივალების წარმომადგენლები და არტისტები მუშაობის განახლების შესაძლებლობას მარტის პირველ დღეებში ხედავენ და შეთანხმებული ქმედებებისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს.

„ერთობლივი განხილვით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი პროტოკოლით განვაახლოთ საქმიანობა მას შემდეგ, რაც ვირუსის გავრცელების პიკი დაიწყებს დაღმასვლას. როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო გამოცდილებით ეს პერიოდი მოიცავს 45 დღეს და ემთხვევა 2022 წლის 4-5 მარტის შაბათ-კვირას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს გააზრებული აქვთ ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის მნიშვნელობა, და სწორედ ამიტომ, ჩვენს შორის თანამშრომლობა და აღნიშნულ პერიოდში გახსნის პროტოკოლის შეთანხმება თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებზე იქნება დამყარებული, რაც ყოველ მიზეზგარეშე გამორიცხავს ჩვენს მიმართ კიდევ ერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებას, - ვკითხულობთ 23 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში ომიკრონის გავრცელების გამო, თბილისის საკლუბო სცენამ, მასში შემავალმა სივრცეებმა და გაერთიანებებმა უკვე მეორედ თქვეს ნებაყოფლობითი უარი საქმიანობის გაგრძელებაზე, უსაფრთხოების საჭიროებებიდან და მიზნებიდან გამომდინარე.

„ჩვენ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც პანდემიის დასაწყისში, საკუთარი ნებით და პირველ რიგში, სტუმრებზე მიმართული ზრუნვის მოტივით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით, 14-15 იანვრის უქმეების შემდეგ, გონივრული ვადით შეგვეჩერებინა საქმიანობა.

მაგრამ, მეორეს მხრივ, უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სცენის წარმომადგენლებს აღარ გვაქვს ფუფუნება, რომ კვლავ გაურკვეველი ვადით და უთანასწორო პირობებით ველოდოთ ხელისუფლებისგან შემდგომი გახსნის თარიღებს“, - წერია განცხადებაში.

ტექსტის მიხედვით, თბილისის საკლუბო სცენამ, მასში შემავალმა სივრცეებმა და გაერთიანებებმა საქმიანობის კანონიერად გაგრძელების უფლება 31 დეკემბრის შემდეგ მიიღეს; მიუხედავად იმისა, რომ ისინი საქმიანობის უსაფრთხოდ განახლების შესაძლებლობას შემოდგომიდან ხედავდნენ.

„ჩვენი მზაობა ეფუძნებოდა “საქართველოს კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობა”-ს მიერ ღია და დახურულ სივრცეებში ჩატარებულ სატესტო კვლევით ღონისძიებებს და ამის საფუძველზე შემუშავებულ სახელმძღვანელოს, რომელიც აღიარებულია თავად ჯანდაცვის სისტემის წარმომადგნელების მხრიდან. სწორედ აღნიშნულ კვლევაზე დაფუძნებით შემუშავებული და შეთანხმებული პროტკოლის მიხედვით ვახორციელებდით საქმიანობას როგორც 31-1 დეკემბრის, ასევე 7-8 და 14-15 იანვრის უქმეებზე.

ამ სამი კვირის განმავლობაში, მკაცრად განხორციელებული კარის პოლიტიკისა და შემუშავებული რეგულაციების დაცვით, შევძელით, მინიმუმამდე დაგვეყვანა ჩვენს სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი“, - ვკითხულობთ განცხადების ტექსტში.

მსოფლიოში ცნობილი თბილისის საკლუბო სცენა ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საკუთარი ინიციატივით შეაჩერა მუშაობა პანდემიის პირველ ეტაპზეც, 2020 წლის მარტში.

XS
SM
MD
LG