Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბასილაშვილის საქმეზე გავრცელებული ჩანაწერი ბავშვის ინტერესს აზიანებს - PHR


არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR), რომელიც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლისა და მათი შვილის ინტერესებს წარმოადგენს სასამართლოში, განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მედიით გავრცელებული აუდიო, რომელიც ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის საუბრის ჩანაწერს შეიცავს, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებია. ორგანიზაციისთვის უცნობია ჩანაწერის გამავრცელებელი პირველწყარო, ამასთან PHR -ი მიიჩნევს, რომ საუბრის შინაარსი ბავშვის ინტერესებს აზიანებს, შესაბამისად ორგანიზაცია მედიას და საქმის მხარეებს მოუწოდებს, აიღონ ჩანაწერი საჯარო სივრციდან.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის საუბრის რამდენიმე ფრაგმენტი "ტვ პირველმა" გაავრცელა. ჩანაწერში, რომელსაც თავად ბასილაშვილი „კონტექსტიდან ამოგლეჯილი“ ფრაზების ერთობლიობად მოიხსენიებს, რომელიც „არ ასახავს რეალურ შინაარსს“, ისმის ყოფილი ცოლის მიმართ სპორტსმენის შეურაცხმყოფელი სიტყვები.

"ჩანაწერები, რომლებიც გავრცელდა, არის ფარულად ჩაწერილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი. არ ყოფილა სრული სახით ნაჩვენები და არ ასახავდა ნამდვილ შინაარს. ამ გადაცემით, პირველ რიგში, შეილახა ჩემი შვილის უფლებები, რომელიც სკოლის მოსწავლეა და შესაძლოა მარტივად გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ჩემი შვილი არის ჩემთვის უპირველესი ადამიანი, მოტივატორი და ვფიქრობ, მხოლოდ ასეთი უზნეო ჟურნალისტების მსგავსად მოაზროვნე ადამიანებმა შეიძლება შეიტანონ ეჭვი ამაში. ჩემი დუმილი განპირობებული არის ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე და არ მსურს დეტალებზე საუბარი! მე პარალელური მართლმსაჯულების გამართვას არ ვაპირებ და ველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას", - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

21 მაისს გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეზე შემდგომი სხდომა დანიშნულია 2022 წლის 16 თებერვალს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG