Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ვთვლიდი, ზღაპრული ოჯახი ჰქონდათ, ეს სტერეოტიპი ერთ დღეში დამემსხვრა” - რას ჰყვება მოწმე ბასილაშვილის ოჯახში ძალადობაზე


მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირი მოიგო, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა საქმეზე, სადაც ის ოჯახში ძალადობაშია ბრალდებული. სხდომას ჩოგბურთელი დისტანციურად ესწრებოდა, მისი ყოფილი ცოლის ნათესავი კი მოსამართლეს უყვებოდა, როგორი მცდარი აღმოჩნდა მისი წარმოდგენები ბასილაშვილის ოჯახზე.

19 მარტს საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნელი დოროყაშვილის საქმის არსებით განხილვაზე მოწმე მოჰყვა წყვილის ოფიციალურ განქორწინებამდე მათ ოჯახში მომხდარი ძალადობის ამბავს, რომელსაც თავად შეესწრო. მოწმე, რომელიც ადასტურებს ძალადობის ფაქტს, ჩოგბურთელის ყოფლი ცოლის ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი, ეკატერინე ფირცხალაიშვილია. როგორც მოწმე ამბობს, ძალადობას ის 2017 წელს შეესწრო ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სახლში (რომელიც მანამდე ჩოგბურთელის მშობლებს ეკუთვნოდა).

„ნიკოლოზი ძალიან ხშირად იმყოფებოდა საზღვარგარეთ და მათი თანაცხოვრების მრავალწლიან პერიოდში სულ ალბათ სამჯერ თუ მეყოლება ნანახი. ვფიქრობდი და მეგონა, კარგი და შეხმატკბილებული წყვილი იყვნენ, ნეკა არასოდეს არ საუბრობდა მის პრობლემებზე, ყოველ შემთხვევაში ჩემთან. შეიძლება იმიტომ, რომ მე მისი ოჯახის წევრი ვარ და არ უნდოდა, რომ ოჯახში განხილვის საგანი ყოფილიყო მისი პირადი ურთიერთობა”, - ასე დაიწყო ეკატერინე ფირცხალაიშვილმა ჩვენება, შემდეგ კი აღნიშნა, რომ მას არც ამ შემთხვევამდე და არც ამის შემდეგ არაფერი სმენია ბიძაშვილის ოჯახური პრობლემების შესახებ.

ეკატერინე ფირცხალაიშვილი ჰყვება, რომ 2017 წლის იმ საღამოს ბიძაშვილთან საღამოს, სამსახურის შემდეგ მივიდა სტუმრად. ნელის, ნიკას და მათი პატარა შვილის გარდა, მათთან კიდევ ორი სტუმარი იმყოფებოდა - ნიკას ძმა და კიდევ ერთი ნათესავი. სიტუაცია იმ მომენტიდან დაიძაბა, როდესაც ბავშვის დაძინების დრო მოვიდა.

„ნეკამ [რომელიც ბავშვს აძინებდა] დაუძახა ნიკას და შეიყვანა ოთახში. ნიკა რომ გამოვიდა ოთახიდან, გვითხრა, რომ [ბავშვი] ჭირვეულობს, ვერ იძინებს და იქნებ აღარ გვეხმაურა. ამ ნათქვამის შემდეგ თენგო [ნიკას ძმა] და მათი ნათესავი ადგნენ და გადაწყვიტეს წასვლა. ნიკამ შემოგვთავაზა გადაგვენაცვლა სამზარეულოში, რომელიც ცოტა მოშორებით იყო საძინებლისგან და ხმაურს აღარ გაიგებდნენ, ან ქვემოთ ჩასულიყვნენ და იქ ერთად ეჭამათ. თენგომ და ბექამ დატოვეს სახლი, კარი ხმაურიანად გაიხურეს. არ ვიცი, სპეციალურად თუ შემთხვევით.

ნიკა შემობრუნდა, შევიდა ნელისთან ოთახში და დაიწყეს ამ თემაზე კამათი, კამათი შეიძლება შესუსტებული ნათქვამი იყოს. ხმამაღალი ლაპარაკი, სიტყვიერი შეურაცხყოფა [იყო] ნიკას მხრიდან, ჩხუბი და ასე შემდეგ. [ბავშვი] ამ დროს მიძინებული იყო თუ უბრალოდ იმ მომენტში მიჩუმებული, [ხმაურზე] დაიწყო ტირილი. ნიკას მხრიდან რაც გავიგე, ის იყო, სტუმრები რატომ გაუშვა და ნეკას მხრიდან, რაც გავიგე, ნეკა უხსნიდა, რომ მისი მიზანი არ იყო სტუმრების გაყრა. ჩხუბის თემა იყო, რომ თავის საქციელით ნეკამ აიძულა სახლიდან წასულიყვნენ, არადა, არ იყო ეგრე.

ნიკა ძალიან გაღიზიანდა, რომ მისი სტუმრები წავიდნენ სახლიდან. შემდეგ ამ ყვირილზე, მივეცი თავს უფლება, [შევსულიყავი მათ ოთახში], ბავშვის ტირილის ხმა რომ მესმოდა. ჩემთვის ვიჯექი აქეთ, ბავშვის ტირილზე შევედი და ლუკასი გამოვიყვანე ოთახიდან. მათი ოთახის კარი გამოვხურე, მათი ჩხუბის და სიტყვიერი შეურაცხყოფების მოსმენა ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა.

ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი, ჩემ თვალში ეს წყვილი იყო ერთ-ერთი საუკეთესო წყვილი, მეგონა, რომ ზღაპრული ოჯახი ქონდათ და ეს სტერეოტიპი ამ დღის შემდეგ [დამემსხვრა]”, - ეს არის ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილის მონათხრობის პირველი ნაწილი. შემდეგ ის ჰყვება, რომ ცოლთან ჩხუბი ნიკოლოს ბასილაშვილმა იმის მერეც გააგრძელა, რაც მან მათი ოთახიდან ბავშვი გამოიყვანა.

როგორც მოწმე ამბობს, ჩხუბის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი სახლიდან წავიდა და იმ ღამით აღარ დაბრუნებულა, ნელი დოროყაშვილი კი მშობლების სახლში წასვლაზე ფიქრობდა.

„ნეკა შემოვიდა ჩემს ოთახში, აკანკალებული იყო, მანამდე თმა შეკრული ჰქონდა, ოთახში კი გაშლილი და მოუწესრიგებელი თმით შემოვიდა, ანერვიულებული და მითხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით ბიძაჩემის სახლში.

ვაწყნარებდი და ნიკას მხარის დაცვით და სიტუაციის შელამაზებით დავითანხმე, დარჩენილიყო. იმ დღეს ჩემთვის არაფერი უთქვამს ნეკას, ძალიან განერვიულებული იყო, მეც ზედმეტი კითხვებით აღარ შემიწუხებია. ერთადერთი ვკითხე, ხშირად არის თუ არა მსგავსი ფაქტი. იმდენად წყნარ და მშვიდ ადამიანად ვიცნობდი ნიკას, მისი ეს მდგომარეობა იყო უჩვეულო და ვკითხე, თუ ჩხუბობთ ასე ხშირად-თქო. არ მიპასუხა იმ მომენტში, არ მინდა მაგაზე ლაპარაკიო, მითხრა”, - ასე იხსენებს ნელი დოროყაშვილის ბიძაშვილი იმ ღამეს, როცა ის ძალადობის მოწმე გახდა.

ეკატერინე ნელის დამშვიდებას შეეცადა, უთხრა, რომ ამ ღამეს მასთან დარჩებოდა და არ ღირდა მშობლების გარევა ამ საქმეში. მეორე დღეს დილას ეკატერინე სამსახურში წავიდა, საღამოს კი, როცა ნელის დაურეკა მოსაკითხად, ბიძაშვილმა უთხრა, რომ მან ნიკოლოზის ძმას ბოდიში მოუხადა და ქმართან კონფლიქტი ამით ამოიწურა.

მოწმეს ამ სხდომაზე კიდევ რამდენიმე კითხვა დაესვეს - იცოდა თუ არა, რატომ არ მუშაობდა ნელი დოროყაშვილი ფოტომოდელად ან რატომ გაწყვიტა მან 2018 წელს სტამბოლში ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოსთან დადებული კონტრაქტი, რის გამოც ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწია, ან ხომ არ ჰქონდა რაიმე მოსაზრება, რატომ ხვდებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის მეუღლეს ყოველთვის მესამე პირის თანხლებით. კითხვა შეეხებოდა ნელი დოროყაშვილის ფინანსურ მდგომარეობასაც - ჰქონდა თუ არა მას რაიმე თანხის ლიმიტის მაგვარი შეზღუდვა მოხმარებისას, რაზეც მოწმემ თქვა, რომ ამგვარი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იცის, რომ ნელის არც რაიმე განსაკუთრებული ფინანსური უზრუნველყოფა ჰქონდა და არც ბრენდული ტანსაცმელი ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრების პერიოდში, მეტიც, მათი ოჯახური თანაცხოვრება, ჯამში, ერთ ჭერქვეშ გატარებული მხოლოდ რამდენიმე დღით შემოიფარგლებოდა, ნიკოლოზის გამუდმებული ვარჯიშების, ტურნირების და მოგზაურობების გამო ისინი ძირითადად ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და თანაცხოვრების ბოლო პერიოდი განსაკუთრებით მძიმე იყო.

ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე ცდილობს, დაამტკიცოს, რომ ნელი დოროყაშვილი არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. ნელი დოროყაშვილის ნათესავის თქმით, განქორწინებისთვის ნელი დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

19 მარტს სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰის ტურნირი მოიგო, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები კი საზოგადოების მხრიდან სიძულვილის კამპანიის მსხვერპლები გახდნენ. მოსამართლემ ამ სხდომაზე მხარეებს სთხოვა, სასამართლო პროცესის განმავლობაში, თავი შეიკავონ „პარალელური მართლმსაჯულების განხორციელებისგან”, რითაც პირველ რიგში სწორედ მართლმსაჯულების ინტერესი ზიანდება.

მომდევნო სხდომა ამ საქმეზე 30 მარტს არის ჩანიშნული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG