Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ლიდერებმა რუსეთი ისევ გააფრთხილეს, რომ უკრაინაში შეჭრა ძვირად დაუჯდება


აშშ-ის და ევროპის ლიდერებმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააფრთხილეს, რომ უკრაინაში შეჭრას ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვება. 24 იანვარს, ღამით დასრულდა ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის, საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრები, ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბაიდენმა და ევროპელმა ლიდერებმა დაადასტურეს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდით გამოწვეული შეშფოთება და მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ის და ევროპის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს დაძაბულობის დიპლომატიური გზებით მოგვარებისკენ საერთო სწრაფვას და განიხილეს ბოლო დროს, რუსეთთან სხვადასხვა ფორმატის კონტაქტები და ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად. მათ შორის მკაცრი ეკონომიკური ზომები და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოების გაძლიერება.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ევროპელი და ამერიკელი ლიდერების ვიდეოკონფერენციას უწოდა მჭიდრო თანამშრომლობის კარგი ნიშანი. შოლცმა განაცხადა, რომ ევროპის საზღვრების დარღვევას, რომელსაც არ შეეგუებიან, დიდი ფასის გადახდა მოჰყვება. შოლცმა რუსეთს მოუწოდა, სიტუაციის დეესკალაციისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი შემდგომი აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის თქმით, რუსეთს მკაფიოდ უნდა გააგებინონ, რომ უკრაინაში შეჭრა კატასტროფული ნაბიჯი იქნება.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას რუსეთი უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

XS
SM
MD
LG