Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ზომებს განიხილავს დასავლეთი უკრაინაში რუსეთის შესაძლო აგრესიის გამო?


ამერიკელი სამხედრო ამზადებს საბრძოლო მარაგით სავსე ყუთებს უკრაინაში გასაგზავნად დოვერის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, 21 იანვარი
ამერიკელი სამხედრო ამზადებს საბრძოლო მარაგით სავსე ყუთებს უკრაინაში გასაგზავნად დოვერის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, 21 იანვარი

ნატოელმა მოკავშირეებმა ძალები მზადყოფნაში მოიყვანეს და აღმოსავლეთ ევროპაში წარმომადგენლობას აძლიერებენ, უკრაინასთან ახლოს რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციის გამო მზარდი შეშფოთების ფონზე. რუსეთი ამ ნაბიჯებს პროვოკაციას უწოდებს.

ცალკეული წევრი სახელმწიფოების მხრიდან დანაყოფების მიმდინარე, ან დაგეგმილი დისლოცირების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ, ნატომ 24 იანვარს განაცხადა, რომ დანია, ესპანეთი, საფრანგეთი და ჰოლანდია განიხილავენ ჯარების, თვითმფრინავების ან ხომალდების გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპაში. ამ განცხადების ფონია სადაზვერვო მონაცემები, რომ რუსეთმა 100 000 ან მეტი სამხედრო განათავსა უკრაინის საზღვართან ახლოს.

„ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის გატარებას ყველა მოკავშირის დასაცავად, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერების ჩათვლით“, - ამბობს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ობიექტების გაძლიერების შესაძლებლობების განხილვა დაიწყო, - აცხადებენ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ბაიდენმა შეხვედრები გამართა უსაფრთხოების სფეროს მაღალჩინოსნებთან.

პირველმა New York Times-მა გაავრცელა ცნობები პრეზიდენტისადმი შეთავაზებული წინადადებების შესახებ; მოელიან, რომ გადაწყვეტილებას ბაიდენი მიმდინარე კვირაში მიიღებს. ერთ-ერთი ზომა, რომელსაც განიხილავენ, ითვალისწინებს 1000-დან 5000-მდე სამხედროს გაგზავნას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, იმ შესაძლებლობის ძალაში დატოვებით, რომ დაძაბულობის კიდევ გაღრმავების შემთხვევაში იქ დისლოცირებული ჯარისკაცების რიცხვი გაიზრდება.

„აშშ-მაც მკაფიოდ თქვა, რომ განიხილავს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - ვკითხულობთ ნატოს განცხადებაში.

გავრცელდა ცნობები, რომ პენტაგონი, ბრძანების შემთხვევაში, მზად არის 8500 სამხედროს გადასასროლად ევროპაში.

24 იანვარს ბაიდენი გაესაუბრება ევროპის ლიდერებს, რუსეთის სამხედრო ზრდის და შეჭრაზე პოტენციური საპასუხო გზების შესახებ. კერძოდ, ბაიდენი ვიდეოზარით გაესაუბრება ევროკომისიის პრეზიდენტს, ურზულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, იტალიის პრემიერ-მინისტრს, მარიო დრაგის, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, - იუწყება თეთრი სახლი.

რუსეთი უარყოფს უკრაინაში შეჭრის გეგმის ქონას და აშშ-სა და მის მოკავშირეებს სდებს ბრალს ვითარების პროვოცირებაში. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 24 იანვარს განაცხადა, რომ აშშ და ნატო დაძაბულობის ესკალაციას იწვევენ „საინფორმაციო ისტერიით“ და „კონკრეტული ქმედებებით“, და დასძინა, რომ უკრაინის სამხედროების მხრიდან პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ შეტევის ალბათობა ახლა „ძალიან მაღალია“.

„ეს არ ხდება იმის გამო, რასაც ჩვენ, რუსეთი ვაკეთებთ. ყოველივე ეს ხდება იმის გამო, რასაც ნატო და აშშ აკეთებენ, და იმ ინფორმაციის გამო, რომელსაც ისინი ავრცელებენ“, - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა მისი სამხედრო ძალების ავისმომასწავებელი ზრდის თანმდევად წარადგინა მოთხოვნების სია, რომლის მიზანი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლაა. მოსკოვს სურს ნატომ უარი თქვას პერსპექტივაზე, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრები გახდებიან და მნიშვნელოვნად შეამციროს თავისი ძალები აღმოსავლეთ ევროპაში.

ალიანსის წევრი ქვეყნები - სლოვაკეთი, რუმინეთი, პოლონეთი და უნგრეთი - უკრაინას ესაზღვრებიან.

ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების განხილვის საფუძველს ვერ ხედავენ, თუმცა მზად არიან განიხილონ საკითხები, რაც იარაღის კონტროლის, რაკეტების განთავსებაზე შეთანხმებასა და ნდობის გაძლიერებას დაისახავდა მიზნად. მიმდინარე თვეში რუსეთსა და დასავლეთს შორის გაიმართა მაღალი რანგის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი, რომლებსაც გარღვევა არ მოჰყოლია.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობის თაობაზე გაჩენილი შიშის ფონზე, ბრიტანეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს, რომ უკრაინას დატოვებს მათი საელჩოების თანამშრომლების ნაწილი. ეს ბრძანება გაიცა „რუსეთის სამხედრო აგრესიის შენარჩუნებული საფრთხის გამო“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი.

კითხვას, მიიჩნევს თუ არა, რომ შეჭრა მოახლოებულია, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უპასუხა, სადაზვერვო მონაცემები „ამ ეტაპზე საკმაოდ შემაშფოთებლად“ გამოიყურებაო.

„არ ვთვლი, რომ ეს გარდაუვალია, ვფიქრობ, საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს“, - თქვა მან, და კიდევ ერთხელ გაიმეორა დასავლეთის გაფრთხილება, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის იქნება „მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი“ ამბავი.

უკრაინამ აშშ-ის ნაბიჯს „ნაადრევი“ უწოდა - საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ოლეჰ ნიკოლენკო განცხადებაში წერს, რომ მნიშვნელოვანია „სიმშვიდის შენარჩუნება“.

„ამერიკის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს მივიჩნევთ ნაადრევად და გადაჭარბებული სიფრთხილის გამოვლინებად... რუსეთის ფედერაცია ამჟამად აქტიურ ძალისხმევას მიმართავს უკრაინაში შიდა ვითარების დესტაბილიზაციისთვის“, - ამბობს ნიკოლენკი და დასძენს, რომ მედიით ვრცელდება „დეზინფორმაცია, მანიპულაცია“, საიმისოდ, რომ „უკრაინელებსა და უცხოელებს შორის პანიკა დაითესოს“.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ჟოზეპ ბორელმა 24 იანვარს თქვა, რომ ბლოკი ამ ეტაპზე არ გეგმავს უკრაინიდან თავისი წარმომადგენლების გამოყვანას.

„იმავეს არ გავაკეთებთ, ვინაიდან არ ვიცით კონკრეტული მიზეზები“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ჩასვლის შემდეგ. „არ მგონია, რომ დრამატიზება უნდა მოვახდინოთ, სანამ მოლაპარაკება გრძელდება - და ის გრძელდება“, - დასძინა მან.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის მინისტრებმა რუსეთი გააფრთხილეს, რომ უკრაინაში შეჭრას „მასშტაბური“ შედეგები მოჰყვება, რითაც გაიმეორეს აშშ-ის განცხადებები, რომ შეჭრა მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს მოიტანს.

თუმცა 27 წევრისგან შემდგარ ბლოკში აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, თუ კონკრეტულად როგორი იქნება ეს შედეგები. ასეთ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს სატელეფონო საუბარში უთხრა, მნიშვნელოვანია კიევმა და ევროკავშირმა ერთიანი პოზიცია აჩვენონო.

„უკრაინა არ წამოეგება პროვოკაციებზე და თავის პარტნიორებთან ერთად ის მშვიდი და თავშეკავებული იქნება“, - აცხადებს ზელენსკის ოფისი.

პარალელურად, ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ უკრაინას გამოუყოფს 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას, კრიზისით გამოწვეულ სირთულეებთან გასამკლავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG