Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ტეტუნაშვილი საქართველოს ელჩმა და კონსულმა მოინახულეს


სალომე ტეტუნაშვილი
სალომე ტეტუნაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იტალიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და კონსულმა ნატალია კორძაიამ ქ. ნეაპოლში მოინახულეს საქართველოს მოქალაქე სალომე ტეტუნაშვილი, რომლის საძიებო სამუშაოებიც რამდენიმე დღე მიმდინარეობდა.

როგორც საგარეო უწყება აცხადებს, ტეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

უწყების ცნობით, ელჩმა და კონსულმა შეხვედრა გამართეს ასევე ნეაპოლის პოლიციის ხელმძღვანელობასთან. სამინისტროს თანახმად, ნეაპოლში საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საკონსულოს მოთხოვნის საფუძველზე, საქმეში აქტიურად იყვნენ ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები. ინტენსიურად ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა საქართველოს საკონსულო სამსახურთან. გარდა ამისა, საკონსულო მუდმივ კავშირზე იყო დაკარგულის ოჯახთან.

სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქის დაკარგვის ფაქტზე, საკონსულოს აცნობა დაკარგულის ოჯახის წევრმა და ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართა დაკარგული მოქალაქის ოჯახმა, რის შემდეგაც, განცხადების თანახმად, რომში საქართველოს საკონსულო მყისიერად დაუკავშირდა ადგილობრივ სამართალდამცავებს.

იტალიის პოლიციამ სალომე ტეტუნაშვილს რამდენიმედღიანი ძიების შემდეგ, 26 იანვარს მიაგნო.

ქალაქ ნეაპოლში სალომე ტეტუნაშვილი 22 იანვარს, საღამოს, დაახლოებით 10 საათისთვის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასაყრელად გავიდა სახლიდან და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დედამ რამდენიმე საათში, სწორედ იმ ოჯახისგან შეიტყო, სადაც სალომე მუშაობდა.

25 იანვარს, ღამით, სამძებრო სამუშაოებისა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნით, ქალაქ ნეაპოლში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს. რამდენიმე ათეული ემიგრანტი სწორედ იმ სახლთან შეიკრიბა, სადაც სალომე ტეტუნაშვილი მუშაობდა.

26 იანვარს საქართველოს საელჩომ იტალიაში, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ საკონსულოს მოთხოვნით, საქმეში უკვე ორი დღეა აქტიურად არიან ჩართული იტალიის ადგილობრივი სამართალდამცავი უწყებები.

27 წლის სალომე ტეტუნაშვილი 26 იანვარს იპოვეს.

სალომე ტეტუნაშვილი წარმოშობით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არის. სალომე იტალიაში წასვლამდე სოფელ თელაში ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ სალომეს მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, დედა-შვილი კი იტალიაში დაახლოებით ორი წლის წინ წავიდა და ისინი სხვადასხვა ოჯახში მუშაობდნენ.

XS
SM
MD
LG