Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიუ გუტერეში: ავღანეთი ბეწვზე კიდია


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ავღანეთი „ბეწვზე კიდია“ და გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, „შეაჩეროს წესები და ოპერაციები“, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობას არ აძლევს ამ ქვეყნისთვის სასწრაფო დახმარების აღმოჩენის საშუალებას.

„ამ მომენტში, განსაკუთრებული საჭიროების პირობებში, ეს წესები სერიოზულად უნდა იქნეს გადახედილი“, - თქვა გუტერეშმა 26 იანვარს საბჭოს სხდომაზე, რომელიც ავღანეთში შექმნილ ვითარებას ეძღვნებოდა. მან უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, გასცენ ლიცენზიები, რომლებიც ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა აუცილებელი.

ავღანეთში ჰუმანიტარული ვითარება მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აგვისტოში თალიბანი მოვიდა ხელისუფლების სათავეში.

გაეროს შეფასებით, დაახლოებით 22,8 მილიონი ადამიანი განიცდის სურსათის ნაკლებობას და 8,7 მილიონი შიმშილით სიკვდილის ზღვარზეა. მიმდინარე თვეში გაერო გამოვიდა მოწოდებით, რომ წელს 4,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაა საჭირო ომით გაჩანაგებულ ქვეყანაში.

26 იანვარს გაერომ განაცხადა, რომ დამატებით 3,6 მილიარდი დოლარია საჭირო ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურისა და სხვა სოციალური საჭიროებებისთვის.

„ფინანსურ დაწესებულებებსა და კომერციულ პარტნიორებს უნდა მივცეთ იურიდიული გარანტიები, რომ ჰუმანიტარულ ოპერატორებთან თანამშრომლობა შეუძლიათ ისე, რომ არ ეშინოდეთ სანქციების“, - თქვა გუტერეშმა. მისი თქმით, აუცილებელია რესურსების სასწრაფოდ გამოყოფა, „რათა დავეხმაროთ ავღანელ ხალხს ზამთრის გადატანაში. დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - დასძინა მან.

XS
SM
MD
LG