Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის არმოხსენიება აქციაზე გააპროტესტეს


სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გააპროტესტეს „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში რუსეთის არხსენება.

აქციაზე მყოფმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს და უკრაინას ჰყავთ საერთო მტერი და საზოგადოების უმრავლესობამ ეს იცის.

„ჩვენი საზოგადოების დიდი უმრავლესობა კარგად აცნობიერებს და იცის ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ მოყვარე. ჩვენ და უკრაინას გვყავს საერთო მტერი და მას ჰქვია რუსეთი და ამიტომ თავის მოკატუნება და იმის ვერთქმა საჯაროდ, რაც კანონში გიწერია და იმის ვერგამეორება რეზოლუციაში, არის მთავარი პრობლემა. დიახ, მტერს უნდა დავარქვათ მტერი, ოკუპანტს - ოკუპანტი და ამის თქმის არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას, რომელიც ფორმალურად წარმოადგენს ხალხის ნებას“,- განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

პოლიტიკური პარტია "დროა" ოპოზიციურ პარტიებს უკრაინის მხარდასაჭერად განცხადების ტექსტს სთავაზობს, რომელშიც საქართველოც უკრაინის მსგავს კონტექსტშია მოხსენიებული. პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებს განცხადებაზე ხელმოსაწერად იწვევს.

"დოკუმენტი მომზადებულია საპარლამენტო ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" შეთანხმებული რეზოლუციის ვერსიაზე დაყრდნობით, რომელიც მმართველმა პარტიამ დაიწუნა და არ მიიღო. მათ უკრაინის მხარდასაჭერ ტექსტში ერთხელაც არ ახსენეს რუსეთი. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ტექსტს მკაფიო გზავნილებით, რომლებსაც, ჩვენი აზრით, საქართველოს ყველა პროდასავლური პარტია ბუნებრივად უნდა იზიარებდეს", - აცხადებენ "დროაში".

საპარლამენტო უმრავლესობამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში არ გაითვალისწინა ოპოზიციის შეთავაზებული ფორმულირებები. ოპოზიციის განცხადებით, რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეუთანხმებლობის საფუძველი გახდა "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან", რისი დროც, მისი თქმით, არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG