Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან მოქალაქეები უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას აწერენ ხელს


სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უკრაინის მხარდამჭერ პეტიციას ხელს აწერენ. პეტიცია "დროას" სახელითა არის ინიცირებული, მის შინაარსს კი იზიარებს ოპოზიციის ნაწილი.

"ეს არ არის პარტიული ინიციატივა, ეს წამოვიდა სამოქალაქო აქტივისტებისაგან მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ჩააგდო რეზოლუცია, გაჩნდა ბუნებრივი სურვილი, რომ რადგან პარლამენტი და მთავრობა ჩვენ არ წარმოგვადგენს, ჩვენ ავიღოთ ინიციატივა ჩვენს თავზე... თანამედროვე სამყაროში მოქალაქეთა [მსგავსი] აქტიურობა ქვეყნისთვის სახის შენარჩუნებაა. მსგავს ხელმოწერებს არანაკლები დატვირთვა აქვს - სიმბოლურიც, მორალურიც, პრაგმატულიც იმიტომ, რომ ჩანს საქართველო, სადაც მთავრობა არ აქტიურობს, მაგრამ აქტიურობს მოქალაქეები", - უთხრა "დროას" თავმჯდოამრემ, ელენე ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას.

ამ დროისთვის [15:30] პარლამენტთან პეტიციას უკვე 100-მდე ადამიანი შეუერთდა, ონლაინ იმავე განცხადებას უკვე 3,4 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ამ პეტიციის ხელმომწერები არიან პარტიები "დროა", "ლელო საქართველოსთვის", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია" და "სტრატეგია აღმაშენებელი". გარდა ამისა - მოძრაობა "სირცხვილია" და არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის მცველები".

უკრაინის მხარდამჭერ განცხადებაში, რომელიც "დროამ" შეადგინა, აქცენტი გაკეთებულია რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხეებზე და ამ კონტექსტში ნახსენებია საქართველოც.

რამდენიმე ფრაგმენტი განცხადებიდან:

  • "ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელს კონტინენტზე."
  • "დარწმუნებულნი ვართ, რომ უკრაინა და საქართველო თავიანთი სუვერენული ნებისა და 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუცილებლად გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოები. რუსული აგრესიის ფონზე, ეს არჩევანი უალტერნატივოა."
  • "მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა."
  • "მივიჩნევთ, რომ რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სადაც ისინი უკანონოდ იმყოფებიან."

"დროამ" განცხადების ეს ტექსტი მას შემდეგ შეიმუშავა, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ აპირებდა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტში გაეთვალისწინებინა ოპოზიციის შეთავაზებული ფორმულირებები. ოპოზიციის განცხადებით, რეზოლუციის პროექტის საერთო ტექსტზე შეუთანხმებლობის საფუძველი გახდა "ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული სამუშაო ტექსტის შეცვლა და მასში რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობა.

"ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეზოლუციის ტექსტი, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს, "დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან", რისი დროც, მისი თქმით, არ არის და მიესალმებოდა, თუ ამაზე შეჯერდებოდა ოპოზიციაც.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია პარლამენტის პირველივე სესიაზე დადგება კენჭისყრაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG