Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა


ახალი საზღვაო ნავსადგური

ფოთში ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა - გახსნის ცერემონიას ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი.

ახალი ნავსადგური "პეის ჯგუფისა" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით აშენდა.

ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებულთაგან ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა რეგიონში.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ფოთში და თქვენს წინაშე სიტყვით გამოსვლა. დღეს მართლაც დიდებული დღეა! ვულოცავ კომპანია „პეის“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას!

მოგეხსენებათ, 2020 წლიდან კომპანია „პეისის“ მხრიდან მიმდინარეობდა ფოთის ახალი ნავსადგურის მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ ამერიკულ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა პროექტში. კერძოდ, აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან (DFC) გამოყოფილი იქნა დაფინანსება 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა და რომ ის წარმოადგენს რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანას“, - განაცხადა პრემიერმა ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე.

მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში, - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ეს პორტი დიდი ამბიციის ნაწილია.

„მე მახსოვს, რომ ამ პროექტის ადგილას 2020 წელს ვიყავი, მშენებლობა მიმდინარეობდა და ძალიან მახარებს, რომ დღეს აქ ვარ და საბოლოო შედეგს ვხედავ. ნამდვილად შესანიშნავი დღეა და ეს ეტაპობრივი მოვლენაა არა მარტო "პეის გრუპისთვის", არამედ მთელი ქვეყნისთვის. ძალიან მიხარია, რომ შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციასთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ პროექტის მშენებლობასა და განვითარებაში. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამ კომპანიის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ აქ, მაგრამ ვირტუალურად გვერთვებიან.

ეს 50-მილიონიანი ინვესტიცია განვითარების დაფინანსების კორპორაციიდან არის უმსხვილესი პროექტი, ერთი პროექტის დაფინანსების სახით და ეს ცხადყოფს, რამდენად დიდია ვალდებულება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა იკისრა საქართველოს კეთილდღეობის და ქართველი ხალხის წინაშე. ინფრასტრუქტურული პროექტები, მსგავსი პროექტები განაპირობებენ დიდ ეკონომიკურ განვითარებას და ზრდას საქართველოში. ეს პორტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და პორტი საოპერაციო, ასევე მართვის მიმართულებით, როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ქმნის ახალ შესაძლებლობებს. ეს არის ახალი უნარების შემქმნელი ინფრასტრუქტურა, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ რეგიონს. საბოლოო ჯამში, ეს პროექტი ასევე შეუწყობს ხელს სხვა სამუშაო ადგილების შექმნას, დამხმარე მიმართულებებით, ფოთის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

პროექტის სრულად დასრულების შემდეგ საქართველოს ერთიანი სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა 3.5 მილიონი ტონით გაიზრდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG