Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ - წლები საარბიტრაჟო სასამართლოში


ანაკლიის პორტის გრაფიკა
ანაკლიის პორტის გრაფიკა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ერთ-ერთი მთავარი უცხოელი ინვესტორი, ბობ მეიერი, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივიან.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანა, ხოლო ინვესტორმა ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში.

29 ივლისს შეტანილი სარჩელებით მოსარჩლეები საქართველოს მთავრობას მიყენებული ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. კონსორციუმის მხრიდან ზარალის სახით დაანგარიშებული თანხა 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ქეთევან ქვარცხავა
ქეთევან ქვარცხავა

როგორც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ადვოკატმა, იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა, ქეთევან ქვარცხავამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეშლის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა ბრიტანელმა ექსპერტებმა შეაფასეს. რაც შეეხება ბობ მეიერის სარჩელს, როგორც ქეთი ქვარცხავა განმარტავს, მასში ჯერ მხოლოდ ზიანის საფუძვლებია გაწერილი, თანხა კი ზუსტდება.

რამდენ ხანს გასტანს საარბიტრაჟო დავები?

სავარაუდოდ, სასარჩელე დავების განხილვა მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში ვერ დაიწყება. ქეთი ქვარცხავას თქმით, არსებული პრაქტიკით, მხარეებს შორის კომუნიკაცია და მასალების წარდგენა სწრაფად ვერ ხდება და სწორედ ამ დროს საჭიროებს.

მთავარი დარტყმა ამ შემთხვევაში ქვეყანამ მიიღო, რეპუტაციული თვალსაზრისით. იგულისხმება მისი საინვესტიციო კლიმატი. ის, რომ ეს ყველაფერი წავიდოდა სასამართლოში, ეს, პრინციპში, გარდაუვალი იყო...
გიორგი ისაკაძე

„ერთი წლის შემდეგ, ალბათ, უკვე უნდა ველოდოთ, რომ დაიწყება განხილვა. ალბათ, სავარაუდოდ, 2 წელი, შეიძლება ცოტა მეტიც დასჭირდეს მთლიანად პროცესს“, - ამბობს ის.

მისი ვარაუდით, აღნიშნული საარბიტრაჟო დავა გამოირჩევა სირთულითაც, რაც განპირობებულია იმით, რომ თავად პროექტია მოცულობითი, სამტკიცებელი გარემოებები კი - ბევრი.

თავის მხრივ, ანაკლიის პორტის პროექტში დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით საარბიტრაჟო სარჩელების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს “Forbes Georgia”-ს მთავარი რედაქტორი, გიორგი ისაკაძე. მისი შეფასებით, თემა ჯერ მხოლოდ „გაოფიციალურდა და წინ მრავალი სერია“ გველის. გიორგი ისაკაძე ვარაუდობს, რომ საარბიტრაჟო განხილვები 3-4 წელს გაგრძელდება. მისივე შეფასებით, ანაკლიის პროექტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის წინააღმდეგ უკვე იმუშავა:

„პროექტის ჩაშლას ვგულისხმობ. და მთავარი დარტყმა ამ შემთხვევაში ქვეყანამ მიიღო, რეპუტაციული თვალსაზრისით. იგულისხმება მისი საინვესტიციო კლიმატი. ის, რომ ეს ყველაფერი წავიდოდა სასამართლოში, ეს, პრინციპში, გარდაუვალი იყო და ფაქტია, რომ ანაკლიის კონსორციუმი თუ ანაკლიის კონსორციუმის სპონსორები და ინვესტორები არ წასულან ლობინგის კლასიკური გზით, ისინი ჯერ მიდიან სასამართლოში. თანხა დიდია, იქნება კიდევ დამატებითი სარჩელები და, თან, სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყანაში და რამდენიმე პირისგან“, - ამბობს გიორგი ისაკაძე.

ვის აქვს უფრო მეტი პერსპექტივა?

საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე.
ნათია თურნავა

„როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუკი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ინვესტორ ბობ მეიერის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დავების დაწყებას.

ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა კი 2020 წელია, როდესაც საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი. მინისტრმა აღნიშნა, რომ, სახელმწიფოს ხელშეწყობის მიუხედავად, კონსორციუმმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

„კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ამ შეფასებებს, თავის მხრივ, ვიწრო გადასახედიდან დანახულად აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, ხელისუფლებამ კონტრაქტის გაწყვეტის ფორმალური საფუძველი თავად შექმნა:

„მათ უნდათ ისტორია დაიწყონ იქიდან, როდესაც კონსორციუმი, ფაქტობრივად, იძულებული გახდა, რომ დაერღვია საინვესტიციო პირობები“, - ამბობს გია ხუხაშვილი. მისი შეფასებით, კონსორციუმისთვის საარბიტრაჟო სასამართლოში საქმე გაცილებით პერსპექტიულად გამოიყურება, ვიდრე სახელმწიფოსთვის:

„ხელისუფლებამ შექმნა ხელოვნური ფორსმაჟორი, როდესაც საინვესტიციო პაკეტის შეკვრა გახდა შეუძლებელი და ეს ფორსმაჟორი მერე გამოიყენა კონტრაქტის გასაწყვეტად, რაც, ბუნებრივია, არ არის, რბილად რომ ვთქვათ, კეთილსინდისიერი საქციელი. ანუ წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა შეიქმნა: აღიძრა ოპერატორზე სისხლის სამართლის საქმე მძიმე მუხლით, ფულის გათეთრების მუხლით. და ეს მოხდა იმის წინ, როდესაც ინვესტორები უნდა მოეზიდა ოპერატორს. პოტენციურ ინვესტორებს ამით ხელისუფლებამ უთხრა, რომ შენ გინდა ფული ანდო ადამიანს, რომელიც არის ბოროტმოქმედი, მაფიოზი, კაცის მკვლელი და ასე შემდეგ. ამან, ბუნებრივია, შეუძლებელი გახადა პაკეტის შეკვრა და მერე ხელისუფლებამ ბრალი დასდო უკვე კონსორციუმს საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრუებლობაში. ანუ ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად დადგმული, თეთრი ძაფით ნაკერი ისტორია“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა. მისი თქმით, როგორც არ უნდა დამთავრდეს პროცესი, სახელმწიფოს პირდაპირი და ირიბი ფინანსური ზიანი მიადგება.

ურთიერთბრალდებების საფუძველი

წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ ჩვენი პოზიციების შესახებ, რომ მეორე მხარისთვის ეს ხელსაყრელი არ გახდეს დავის დროს, მაგრამ ერთს ვიტყვი: სახეზეა მყვირალა ფაქტები...
თეა წულუკიანი

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში შეუწყვიტა. 2016 წელს კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა დასახელდა. ხელშეკრულების გაწყვეტამდე ერთი წლით ადრე, 2019 წლის იანვარში, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ე. წ. ფულის გათეთრების) ფაქტზე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

„... ცილისმწამებლური ბრალდებების წაყენება ბატონების ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ მიზნად ისახავდა ინვესტორებისა და დამფინანსებლების დაფრთხობას, რათა მათ თავი შეეკავებინათ პროექტის მხარდაჭერისაგან. ასეთი მხარდაჭერა კი აუცილებელი იყო პროექტის წარმატებისათვის. სამწუხაროდ, მთავრობის კამპანია ნაყოფიერი გამოდგა, ვინაიდან ინვესტორებმა და დამფინანსებლებმა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მკაფიო მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, თავი შეიკავეს და უარი თქვეს პროექტში მონაწილეობაზე“, - აღნიშნულია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც საარბიტრაჟო სარჩელების აღძვრის საკითხს შეეხება.

„წინმსწრებად ვერ ვისაუბრებ ჩვენი პოზიციების შესახებ, რომ მეორე მხარისთვის ეს ხელსაყრელი არ გახდეს დავის დროს, მაგრამ ერთს ვიტყვი: სახეზეა მყვირალა ფაქტები. ფაქტები ამბობს იმას, რომ საქართველოს ამ ხელისუფლებას, „ქართული ოცნების“ პირობებში, და მის მთავრობას ჰქონდა, აქვს და ექნება პრიორიტეტად ანაკლიაში პორტის მშენებლობა. გამოაცხადა ტენდერი და კომპანია, რომელმაც გაიმარჯვა, კონსორციუმი რომ ჰქვია, დაპირდა სახელმწიფოს, რომ ააშენებდა პორტს. მან, უბრალოდ, ეს პირობა არ შეასრულა. პირიქით, თავისი უუნარობა, რომ პროექტი მიეყვანა წარმატებამდე, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენა“, - უთხრა ჟურნალისტებს 30 ივლისს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

29 ივლისს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და ერთ-ერთი მთავარი უცხოელი ინვესტორის, ბობ მეიერის მიერ შეტანილი სარჩელების მოპასუხე იუსტიციის სამინისტრო იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG