Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკაში შედის, რაში სჭირდება ეს რუსეთს?


რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 2021 წლის დასასრულს, 29 დეკემბერს გადაწყვიტა აფრიკის კონტინენტზე ჩამოაყალიბოს საკუთარი ეგზარქატი.მის შემადგენლობაში ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკის ეპარქიები შევლენ. ამასთან, რუსულმა ეკლესიამ მის შემადგენლობაში აფრიკის 8 ქვეყნის 102 მღვდელი მიიღო.

ეგზარქატი - მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ეპარქიის გამაერთიანებელი ოლქია, რომლის უფროსი - ეგზარქოსი ემორჩილება პატრიარქს.

ჩრდილოეთ აფრიკის ეპარქია 31 ქვეყანას მოიცავს (მაროკოდან და ეგვიპტიდან დაწყებული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებისა და სამხრეთ სუდანით დამთავრებული). სამხრეთ აფრიკის ეპარქია მოიცავს 23 ქვეყანას (მათ შორის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, მადაგასკარს, ანგოლას, ზამბიას და სხვებს) ანუ ლაპარაკია თითქმის მთელ აფრიკაზე.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის კრება, 29 დეკემბერი, 2021.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის კრება, 29 დეკემბერი, 2021.

რელიგიის ბევრი ექსპერტი ფიქრობს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეს საქციელი არღვევს საეკლესიო კანონიკას და მართლმადიდებელი სამყაროს ერთობასაც ემუქრება. ეს ტერიტორიები უპატრონო არ ყოფილა - ეკუთვნის ალექსანდრიის პატრიარქატს, რომელსაც აფრიკის კონტინენტზე 29 ეპარქია და 6 მონასტერი აქვს.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ალექსანდრიის პატრიარქატმა 2019 წელს შექმნილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა. ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე მეორემ უკვე მოუწოდა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს, ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების კრება მოიწვიოს და მოსკოვის პატრიარქისა და სინოდის საქციელი განსაჯოს.

მოსკოვისა და აფრიკის პატრიარქი

მართლმადიდებელ სამყაროში ყველა ეკლესიას თავისი საზღვარი აქვს და სხვის ტერიტორიაზე შეჭრა საკმაოდ საჩოთირო საკითხად მიიჩნევა. ამან შეიძლება განხეთქილებაც გამოიწვიოს. თანამედროვე ავტოკეფალიებისგან განსხვავებით, ტერიტორიები ძველი პატრიარქატებისა (კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, კვიპროსის ეკლესიების) მსოფლიო კრებების მიერ არის დამტკიცებული. იქ პარალელური სტრუქტურების შექმნა, როგორც ეს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გააკეთა, წესის დარღვევაა.

მოსკოვის პატრიარქატი, ისევე როგორც კრემლი, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს. დოკუმენტების მიხედვით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტერიტორია მოსკოვის სამეფოა, მე-16 საუკუნის მდგომარეობით. ამ ფარგლებში აღიარებდნენ მას ბერძნებიც. ფაქტობრივად კი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე მოიცვა, იმის იქითაც კი მიდის. ახლა აფრიკა დაემატა. სასაცილოა. პატრიარქმა კირილმა თავის წოდებასმოსკოვისა და სრულიად რუსეთისშეუძლიასრულიად აფრიკისაცდაამატოს“, - ამბობს რელიგიის საკითხების ექსპერტი ტატიანა დერკაჩი.

კლინის ეპისკოპოსი აფრიკის კონტინენტზე

აფრიკის ეგზარქიის მეთაურობა ეპისკოპოს ლეონიდის (გორბაჩოვი) დაეკისრა. მას პირველად არ უწევს მსგავსი მძიმე დავალების შესრულება - 2021 წელს სომხეთში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შექმნილი ახალი ეპარქიის ხელმძღვანელიც იყო. თავისთავად ეს ფაქტიც არ გახლდათ დიდად მეგობრული აქტი. მანამდე მოსკოვი ყოველთვის აღიარებდა სომხურ ეკლესიას, მიუხედავად იმისა, რომ მასთან შეხება არ ჰქონდა (ანუ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სომხეთის ეკლესიას შორის არაა ლიტურგიკული ურთიერთობა, მაგრამ ჰუმანიტარულ საკითხებში კავშირი მაინც აქვთ), მით უფრო, არასდროს აძლევდა საკუთარ თავს უფლებას, მის ტერიტორიაზე საკუთარი სტრუქტურები შეექმნა. ამასთან ჯერ კიდევ 1943 წელს რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავად მიანდო საქართველოს ეზრუნა, სომხეთის მართლმადიდებლებზე. ეს აქტი დღემდე არავის გაუუქმებია. საქართველოს ეკლესიის წესდებაში სომხეთის ტერიტორიაც არის „მიმაგრებული“.

ეპისკოპოსი ლეონიდი
ეპისკოპოსი ლეონიდი

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის ეგზარქოსი გახდა, ეპისკოპოსი ლეონიდი სომხეთის ეპარქიას არ დატოვებს. მას ორი ფუნქციის შეთავსება მოუწევს. ტატიანა დერკაჩი მიიჩნევს, რომ ეს კანონიკური ნონსენსია: იერარქს არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე კათედრა ეჭიროს... თან აბსურდული ფორმულირებაა. გამოდის, რომ აფრიკის ეგზარქოსის ტიტული იქნებაკლინელი“ - მოსკოვთან მდებარე ქალაქის სახელწოდების მიხედვით. საეკლესიო-დიპლომატიურ ენაზე ეს უპატივცემლობაა აფრიკული სამწყსოს მიმართ“.

მიტროპოლიტი ლეონიდი ტიპური საეკლესიო ფუნქციონერია პატრიარქ კირილის გარემოცვიდან“, - გვიამბობს ჟურნალ „მოსკოვის პატრიარქატის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი სერგეი ჩაპნინი, - მას სამწყსოსთან მუშაობის მწირი გამოცდილება აქვს. შვიდიოდე წელი კრასნოდარში მსახურობდა, შემდეგ მოსკოვში გადაბარგდა, იქ შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა. ამ ადგილას მიტროპოლიტმა კირილმა დანიშნა. მალევე გადავიდა შიდა საეკლესიო კავშირების განყოფილებაში. იქ ლეონიდმა საეკლესიო დიპლომატის კარგი კარიერა აიწყო: ათენში სწავლობდა, იერუსალიმში სასულიერო მისიის თანაშემწე იყო, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი ალექსანდრიის პატრიარქთან“.

„ნოვაია გაზეტას“ რელიგიური მიმომხილველი ალექსანდ სალდატოვი გვახსენებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიტროპოლიტ ლეონიდს ოკეანის გაღმა მივლინებით აგზავნიან. 2013 წელს ის არგენტინაში ბუენოს-აირესისა და სამხრეთ ამერიკის ეპისკოპოსი იყო. ქვეყნიდან გაიწვიეს ცოტა ხნით ადრე, სანამ რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კგ. ნარკოტიკს აღმოაჩენდნენ. ამ საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული იყო წარმომადგენელი ფირისა M.O.R.A.L. (Mecenas Ortodoxos Rusos En America Latin) „რუსი მართლმადიდებელი მეცენატები ლათინურ ამერიკაში)“.

102 უცნობი მღვდელი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელფასები

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა თავის იურისდიქციაში აფრიკის 102 მღვდელი მიიღო. მათ სახელებს არ ამბობენ. სტოკჰოლმის სკოლის თეოლოგიის პროფესორის, არქიმანდრიტ კირილის (გოვორუნი) თქმით, მეორე მხარეს გადასულების სრული სია ალექსანდრიის პატრიარქატსაც არა აქვს.

ვინც გადავიდა, ამას საგულდაგულოდ მალავს. მათი მრევლი არც კი ეჭვობს, რომ ახლა რუსულ ეკლესიას ეკუთვნიან. ამ სამწყსოებში ალექსანდრიის პატრიარქს ისევ იხსენიებენ“.

ალექსანდრიის პატრიარქატის წარმომადგენლების თქმით, სასულიერო პირების ანონიმურობა შესაძლოა მათივე ბიოგრაფიით იყოს განყირობებული. კამერუნის მიტროპოლიტმა გრიგორმა განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანს მსახურება აკრძალული ჰქონდა, ზოგიერთს კი ჩინიც ჩამოერთვა. ის ირწმუნება, რომ ამ სასულიერო პირებს შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც თანამედროვე კალენდარი აღარეს და ეკლესიას ოფიციალურად გამოეყვნენ. ასევე აქ შეიძლება ვნახოთ სხვადასხვა მიზეზით სქიზმაში მყოფი პირები.

რუსული ტაძარი აფრიკაში
რუსული ტაძარი აფრიკაში

მართლმადიდებელი ეკლესიის თავისებურება აფრიკაში ის არის, რომ მთლიანად დოტაციაზეა. საბერძნეთში, რუმინეთში თუ კვიპროსში სასულიერო პირებს ხელფასს სახელმწიფო უხდის. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მათ შორის უკრაინაში, სერბეთსა და რუსეთში სასულიერო პირებს, შესაწირით ინახავენ მორწმუნეები. აფრიკაში სახელმწიფოც და მოსახლეობაც უმეტესად ღარიბია. ამიტომ რელიგიური ცხოვრება იქ საერთაშორისო ფონდებისა და რელიგიური მისიებისგან ფინანსირდება.

აფრიკისთვის ტიპურია პოლიკონფესიური ცხოვრება, - ამბობს სერგეი ჩაპნინი, - რამდენიმე წლის განმავლობაში მღვდელმა შესაძლოა იურისდიქციაც შეიცვალოს და კონფესიაც. აფრიკაში პირველ რიგში ფინანსური საკითხი დგას. ტაძარი მღვდელს რამდენს გადაუხდის? ეს შესაძლოა ხშირ შემთხვევაში გახდეს გადამწყვეტი“.

მამა კირილ გოვორუნის წყაროებით, ალექსანდრიის პატრიარქატის იმ მღვდლებს, რომლებიც აფრიკაში მსახურობენ ხელფასი საშუალოდ 50-100 დოლარი აქვთ. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მათ 200 დოლარზე მეტის გადახდას ჰპირდება. გარდა ამისა, არის სხვა სტიმულიც. მიტროპოლიტ ლეონიდის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აპირებს კომპლექსური პროგრამის წამოწყებას, რომელიც სოციალური, საქველმოქმედო და ჰუმანიტარული კომპონენტებისგან შედგება. პირველ რიგში საუბარია კოვიდ -19 წინააღმდეგ რუსული ვაქცინის „სპუტნიკის“ შეტანაზე. ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების აშენებაზე. სერგეი ჩაპნინი ამბობს, რომ აფრიკაში შესაძლოა ახალი ტაძრებიც აშენდეს.

სახელმწიფო კორპორაციები - ვის გამო აშენებენ აფრიკაშირუსულ სამყაროს

რა ფულით უნდა შეინახოს თავი რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აფრიკაში? ამის თაობაზე მიტროპოლიტი ლეონიდი მხოლოდ იმას ამბობს, რომ არიან ქველმოქმედები, რომელთათვის მართლმადიდებლობის ბედი სულ ერთი არაა. ექსპერტები კირილ გოვორუნი და სერგეი ჩაპნინი ფიქრობენ, რომ ეს შეიძლება რუსული კორპორაციების ფული იყოს, რომლის ადმინისტრირებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაუძღვება. საკუთარი სახსრების აფრიკულ მისიაში ჩასადებად მოსკოვის პატრიარქატს ახლა არც მზაობა აქვს და არც სურვილი.

ბოლო 7 წლის განმავლობაში რუსების რაოდენობა აფრიკაში მკვეთრად გაიზარდა. ესენი არიან როგორც კერძო სამხედრო კომპანიები, ასევე სახელმწიფო კორპორაციები, რომლებიც წიაღისეულს მოიპოვებენ, ასევე სავაჭრო წარმომადგენლობები დაზვერვასთან ერთად. ესენი ყველანი რუსეთის ხალხია. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მათ თავს მოუყრის და მაშინ უკვე შესაძლებელი გახდება აფრიკაშირუსულ სამყაროზევისაუბროთ. გარდა ამისა, პუტინი აქტიურად ცდილობს რუსული ენის პოპულარიზებას მსოფლიოში. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იქნება კლასიკური ინსტრუმენტირბილი ძალისა. მოსკოვის პატრიარქატი კრემლს ასევე უზრუნველყოფს იმ კავშირებით, რომელიც მას ადგილობრივ რეჟიმებთან ექნება, სწორედ ისე, როგორც ამას უკრაინაში აკეთებდა 20114 წლამდე“, - ამბობს ანალიტიკოსი ალექსანდრ მოროზოვი.

მსახურება აფრიკის რუსულ ტაძარში.
მსახურება აფრიკის რუსულ ტაძარში.

ტატიანა დერკაჩი კი მიიჩნევს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკაში დაზვერვისა და დაქირავებული მებრძოლების თავშესაფარი გახდება.

გაიხსენეთ, ორი წლის წინ, როგორც კი ალექსანდრიის პატრიარქატმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აღიარა, აწგარდაცვლილი მამა ვსევოლოდ ჩაპლინი აფრიკაში შესვლისკენ მოუწოდებდა, იქ ჩვენ კერძო სამხედრო კომპანიავაგნერიგვიჭერს მხარსო. რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება აქვს. მთელი წიგნი დავწერე როგორ მფარველობდნენ კაზაკურ ფორმირებებს უკრაინაში, რომლებიც 2014 წელს დონბასში იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ იგივე გამოცდილებას მოსკოვის პატრიარქატი აფრიკაშიც გაავრცელებს“.

დაფინანსების ახალი წყარო შეიძლება გახდეს კანონპროექტი, რომელსაც რუნეტში ბოლო დროს განიხილავენ. „სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების დამტკიცების კანონპროექტი რუსეთის სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების განსამტკიცებლად“. ეს სწორედ ის კანონპროექტია, რომლისთვისაც კულტურის სამინისტრომ ფასეულობების ნუსხა შეადგინა (მაგ: „მყარი ოჯახი“ და „სამშობლოსთვის მსახურება“). შეადგინა საფრთხეების ნუსხაც („აშშ-ის მოქმედებები“ და „რეფორმები ტრადიციების გათვალისწინების გარეშე“). ამავე კანონპროექტი აპირებენ შეიტანონ ნორმა მსოფლიოში რუსეთის როლის გაზრდის შესახებ „რუსული ტრადიციული, სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების პოპულარიზაციით“.

რით ემუქრებიან ძველი ეკლესიების პატრიარქები კირილს

ალექსანდრიის პატრიარქმა სამწყსოს საკმაოდ ემოციურად მიმართა. ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მოიხსენიებს როგორც „მძვინვარე მგლებს“, „ცრუმწყესებს“, რომლებიც „აფრიკას ბინძური ფულით იპყრობენ“. ამასთან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის გასამართლებლად, თეოდოსი მეორემ განაცხადა, რომ რუსები და უკრაინელები სხვადასხვა ხალხია და მოსკოვს კიევი „დამონებული“ ჰყავდა.

ალექსანდრიის პატრიარქატის სინოდმა აპელაციით მიმართა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს. ისინი ითხოვენ შეიკრიბოს ძველი ეკლესიები: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, კვიპროსის, იერუსალიმისა და ანტიოქიის და მომხდარი განსაჯონ. ამ ხუთი ეკლესიიდან სამმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქციელსაც უარყოფითად შეაფასებენ. ძირითადი ბრძოლა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქატების ხმის მოსაპოვებლად გაიმართება.

რუსეთისა და ალექსანდრიის პატრიარქების შეხვედრა 2018 წელს.
რუსეთისა და ალექსანდრიის პატრიარქების შეხვედრა 2018 წელს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ძველმა ეკლესიებმა მოსკოვის საპატრიარქოს საქციელი რომც დაგმონ, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ შესაძლოა ეს არც მიიღოს. პატრიარქმა კირილმა ქადაგებაში თქვა, რომ მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი შეიძლება განხეთქილებაში წავიდეს. გამორიცხული არ არის ახლაც განაცხადონ, რომ ისინი [ძველი ეკლესიები] გადასცდნენ ჭეშმარიტების გზას. მიტროპოლიტმა ლეონიდმა თქვა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფრიკაში დიდხანს იქნება. ის იქიდან წამოსვლას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG