Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში საზოგადო მოღვაწეთა საფლავები გაქურდეს


ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ქურდობა მოხდა. საზოგადო მოღვაწეების საფლავებიდან გაუჩინარდა ბრინჯაოს ათამდე ბიუსტი და ნატურალური ზომის ქანდაკება.

საფლავები ცენტრალური შესასვლელიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. დანაშაული ჭირისუფლებმა და სასაფლაოზე დასაქმებულებმა 30 იანვარს აღმოაჩინეს, თუმცა მათ არ იციან, როდის შეიძლება იყოს ჩადენილი ქურდობა.

საფლავიდან გაუჩინარებული ბიუსტი.
საფლავიდან გაუჩინარებული ბიუსტი.

„ჩემთვის გასაოცარია, რომ სასაფლაოს ადმინისტრაციამ ვერ შენიშნა ფაქტი. ვეჭვობ, ეს არის წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული ქურდობა“, – ამბობს ერთ-ერთი ჭირისუფალი, მადლენ გიორგაძე და ამატებს: „პოლიციაში მეუბნებიან, რომ დავმშვიდდე და მოძებნიან“.

რამდენიმე ბიუსტი საფლავიდან გამოტანილი და წასაღებად გამზადებულია.
რამდენიმე ბიუსტი საფლავიდან გამოტანილი და წასაღებად გამზადებულია.

ეს ქუთაისში საფლავების გაქურდვის პირველი შემთხვევაა არაა. სხვადასხვა სასაფლაოზე არაერთხელ მოიპარეს ბრინჯაოს ბიუსტები, ქვაზე გაკეთებული წარწერები, თუჯის მოაჯირები, ჭიშკრები.

ქუთაისის 10–მდე მუნიციპალურ სასაფლაოს ადმინისტრირებას უწევს შპს „ქართული ტრადიციები“. მათი განცხადებით, საფიჩხიის სასაფლაოს, ცენტრალური შესასვლელის გარდა, აქვს მოსახლეობის მიერ თვითნებურად გაკეთებული შესასვლელი და მათი კონტროლი, განსაკუთრებით ღამით, შეუძლებელია.

„მოქალაქეებს თავად უნდა ქონდეთ მორალური განცდა, რომ ამ სახის ქურდობა არ ჩაიდინონ“, - აღნიშნავენ "ქართულ ტრადიციებში".

XS
SM
MD
LG