Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენტონი ბლინკენი სატელეფონო საუბარს გამართავს სერგეი ლავროვთან უკრაინის კრიზისის გარშემო


ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი
ენტონი ბლინკენი და სერგეი ლავროვი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვი 1 თებერვალს სატელეფონო საუბარს გამართავენ იმ ფონზე, როდესაც კვლავინდებურად რეალურია საშიშროება, რომ რუსეთის 100 000 კაციანი სამხედრო ძალის კონცენტრაცია უკრაინის საზღვართან მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის წინაპირობას წარმოადგენს.

1 თებერვლის სატელეფონო საუბარი იქნება პირველი პირდაპირი დიალოგი ამერიკის და რუსეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელებს შორის მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა გასულ კვირაში მოსკოვს წერილობითი პასუხი გაუგზავნა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე შემუშავებულ მოთხოვნებზე.

ბლინკენ-ლავროვის მოლაპარაკების დაწყების წინ, რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში განაცხადა, რომ რუსეთი არ დაიხევს უკან აშშ-ის წინაშე.

„ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და სანქციების მუქარის შიშით აშშ-ის წინაშე ფეხის წვერზე დადგომას“, - ნათქვამია აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ „დაძაბულობას უკრაინის გარშემო იწვევს ვაშინგტონი და არა მოსკოვი“.

ცალკე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი 1 თებერვალს კიევში გამგზავრებას და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

„როგორ მეგობარი და დემოკრატი პარტნიორი, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს იმათ წინაშე, ვინც მის განადგურებას ცდილობს“, - ნათქვამია ბორის ჯონსონის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინაში გამგზავრებამდე ჯონსონი ასევე გეგმავს სატელეფონო საუბრის გამართვას რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, რომ ჩაებას დიალოგში, რათა პრობლემა დიპლომატიის გზით გადაიჭრას.

XS
SM
MD
LG