Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ქალაქში აქციები გამართა


“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საქართველოს 4 ქალაქში - თბილისში, ქობულეთში, ქუთაისსა და ფოთში აქციები გამართეს. მათ სოციალურ საკითხებზე, ინფლაციაზე, სამომხმარებლო პროდუქტებზე, გაზრდილ ფასებზე გაამახვილეს ყურადღება და ამასთან მიმართებით მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრეს.

თბილისში პარტია ,,ქართული ოცნების” ოფისთან გამართულ აქციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ირაკლი ნადირაძემ თქვა, რომ ნაცვლად იმისა, რომ მმართველი გუნდის წევრები მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ, დაკავებული არიან პირადი კეთილდღეობის მოპოვებით.

„ქვეყანაში გაძვირებულია პროდუქტები, მედიკამენტები, კომუნალური გადასახადები და შიმშილი, რა პირობებშიც მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ეს დანაშაულებრივი რეჟიმი არ მოშორდება ამ ქვეყანას“,- განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

გაზრდილ ფასებზე გაამახვილა ყურადღება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბესიკ ბრეგაძემაც.

"ხელისუფლებამ რამდენიმე ლარით გაზარდა პენსია, მაგრამ ეს ვერანაირად იქნება საკმარისი, მაშინ, როცა წამლებზეც და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები კატასტროფულად იზრდება", - თქვა ბესიკ ბრეგაძემ.

გასული წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9 პროცენტამდე გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით ამ ზრდის ძირითადი მიზეზი კომუნალური გადასახადების 2020 წლის სუბსიდიის საბაზო ეფექტი იყო, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

10 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 11 თვის მონაცემების მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 10,7%-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG