Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ: El País-მა მართლაც გამოაქვეყნა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატოს ნამდვილი პასუხები


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ნედ პრაისი.

სახელმწიფო დეპარტამენტმა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურეს, რომ ესპანეთის გამოცემა El País-მა ოთხშაბათს მართლაც გამოაქვეყნა რუსეთის მოთხოვნებზე აშშ-ისა და ნატოს ნამდვილი პასუხების ასლები.

როგორ მოხვდა ესპანეთის პრესაში დოკუმენტები, რომლებზეც ამერიკის მხარემ მოსკოვს სთხოვა, რომ არ გამოექვეყნებინა, არ იტყობინებიან.

დოკუმენტები გასულ კვირაში გადაეცა რუსეთს. მოსკოვისგან ჯერჯერობით არ ყოფილა ოფიციალური პასუხი, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ უკმაყოფილოა აშშ-თი და მისი მოკავშირეებით.

რუსეთმა 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

El País-ში გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, აშშ და ნატო კვლავ ადასტურებენ, რომ "ღია კარის" პოლიტიკას ემხრობიან - ანუ მზად არ არიან რუსეთს დაუკმაყოფილონ მოთხოვნა, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთის მიმართულებით. აშშ ალიანსის ძალების მოცულობას მიიჩნევს რუსეთის ძალების პროპორციულად და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში არ განათავსებს მოსკოვის შეშფოთების გამომწვევ, დამრტყმელ ჯგუფებს და ბირთვულ შეიარაღებას, ხოლო ალიანსის ძალების გაძლიერებას ვაშინგტონი უკავშირებს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან. დასავლეთი ასევე უგულებელყოფს მოსკოვის მოთხოვნას, ნატოს ინფრასტრუქტურის განთავსება დაუბრუნდეს 1997 წლის ნიშნულს. ამის შესახებ დოკუმენტში საუბარიც არ არის. აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო მოქმედებებისგან უარის თქმის მოთხოვნის პასუხად, ნატო ითხოვს "უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანას".

გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, აშშ და ნატო მზად არიან გააგრძელონ რუსეთთან დიალოგი უსაფრთხოებაზე, თუმცა ამის მთავარ პირობად ასახელებენ უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას. აშშ მზადაა განიხილოს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსების საკითხი და რუსეთს სთავაზობს შეიქმნას მექანიზმი პოლონეთსა და რუმინეთში Aegis Ashore-ის სისტემის შესამოწმებლად, რათა რუსეთს შეეძლოს დარწმუნდეს, რომ არ მიმდინარეობს Tomahawk-ის რაკეტების განთავსება. აშშ ასევე გამოდის მოწოდებით, დაიწყოს მოლაპარაკება ბირთვული შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებაზე და თანახმაა, კიევთან კონსულტაციით გაიმართოს დიალოგი იმის თაობაზე, რომ უკრაინაში არ განთავსდეს სახმელეთო შემტევი რაკეტები, თუკი მოსკოვიც ანალოგიური პირობით გამოვა. ნატო და აშშ მზად არიან განიხილონ ევროპაში სამხედრო წვრთნების საკითხი, თუმცა დოკუმენტში საუბარი არ არის რუსეთის ფედერაციის და მისი მოკავშირეების საზღვრებთან წვრთნების აკრძალვაზე, როგორც ამას რუსეთი ითხოვდა. აშშ და ნატო რუსეთს სთავაზობენ დიალოგის გამართვას იარაღის კონტროლის ზომებზე ინციდენტების პრევენციის მიზნით, იმის სანაცვლოდ, რომ ვითარება დეესკალაციას დაექვემდებარება უკრაინაში და რუსეთი ჯარებს და მშვიდობის დამცველებს გაიყვანს ყირიმიდან, დნესტრისპირეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

XS
SM
MD
LG