ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისია თბილისში ელექტროგამანაწილებელ და ელექტრომიმწოდებელ კომპანიებს, "თელასსა" და "თელმიკოს" შეამოწმებს. გადაწყვეტილება კომისიის ოთხივე წევრმა ერთხმად 3 თებერვლის სხდომაზე მიიღო.
სპეციალური ჯგუფი 3 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით კომპანიებში შეამოწმებს დავალიანების აღრიცხვისა და მომხმარებლისთვის დარიცხვის წესებს. ორივე კომპანიაში ამ გადაწყვეტილების მიღებას მხარი დაუჭირეს.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ თქვა, შემოწმება შეიძლება დაიწყოს 4 თებერვლიდანვე.
ბოლო რამდენიმე დღეა მოქალაქეები სოციალურ ქსელებში გაზრდილი კომუნალური გადასახადების შესახებ წერენ. მათმა დიდმა ნაწილმა, აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლის გამო, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიის დავალიანების ორი ქვითარი მიიღო (ერთი - ნოემბრის, ერთი კი - დეკემბრის). გარდა ამისა, იანვრიდან მოსახლეობის დიდ ნაწილს, რომელიც წინა წელს სახელმწიფო სუბსიდირებით სარგებლობდა, დენის გადასახადი 3,5 თეთრით გაუძვირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინების მიუხედავად, მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანიამ დავალიანება არასწორად დაარიცხა.