საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 73 821 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 22 263 შემთხვევა. 15 575-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
საქართველოში იანვრიდან გააქტიურდა განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელების უნარის მქონე, კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის ცირკულაცია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ინფიცირებულთა 90-95%-ს კორონავირუსის ეს შტამი აქვს.
4 თებერვლის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 30.16%;
- ბოლო 7 დღის - 27.87%;
- ბოლო 14 დღის - 25.24%.
ოფიციალური სტატისტიკით, 4 თებერვლის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 203 238 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5808 პაციენტი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 272 371 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 15 141 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი