მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, მოეხდინა რეაგირება სასამართლო დარბაზში პატიმრის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომლებშიც ის ექიმთან შეხვედრის შეზღუდვასა და "არაადამიანურ მოპყრობაზე" საუბრობდა.
"ივანიშვილის ბრძანებით ჩემთან არ უშვებენ ექიმებს. ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს ძლიერი სისუსტე, ასეთ პირობებში, როდესაც მაქვს პრობლემები პირველად ცხოვრებაში ჰიპერტონიასთან დაკავშირებული, მაქვს ანემია და აქედან გამომდინარე ბევრი სხვა პროცესები.
ამავე დროს, შენ [მიმართა ბიძინა ივანიშვილს] ძალიან კარგად იცი, რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ეს ხდება შენი მითითებით. ვერავის ვერ გადააბრალებ, ყველანი შენკენ გამოიშვერს ხელს. ან იქნება სიკვდილი, ან მექნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება. თუ არ იქნება ადეკვატური მკურნალობის საშუალება, დამთავრდება ლეტალური შედეგით. მე არ ვარ ვიღაც. საერთაშორისო მართლმსაჯულება მოგწვდება", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა დღეს სასამართლო დარბაზში სხდომაზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.
სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ, მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მოეხდინა რეაგირება სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. როგორც გვარამიამ განმარტა, როცა პატიმარი სასამართლოს ამცნობს მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ, სასამართლოს რეაგირების განხორციელების უფლება აქვს და ეს უფლება საპროცესო კოდექსშია გაწერილი და საერთაშორისო სამართლის პრაქტიკით განმტკიცებული.
საუბარია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე პრიმა მუხლზე, რომელიც ადგენს მოსამართლის უფლებამოსილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის განხორციელების, ან შესაძლო განხორციელების შესახებ. ამ შემთხვევისთვის კოდექსში ასეთი ჩანაწერია:
"ჩვენ საუბარი არ გვაქვს იმაზე, დაადგინოთ წამებას ჰქონდა თუ არა ადგილი. პატიმარი თქვენს განხილვაში გამავალ საქმეზე აკეთებს განცხადებას სასამართლოს წინაშე და ამბობს, რომ ექიმს არ უშვებენ მასთან. ჩვენ გთხოვთ, დაავალოთ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორს, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიმართოს განსაკუთრებულ ზომებს. უსაფრთხოებაში ვგულისხმობთ მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, რომელიც საერთოდ არ არის დაცული. თქვენ ვალდებული ხართ პენიტენციურ სამსახურს მიმართოთ განჩინებით", - უთხრა სასამართლო სხდომაზე ნიკა გვარამიამ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს. მან ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თუმცა თქვა, რომ პენიტენციური სამსახური ვალდებულია დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომაზე, მას შემდეგ რაც მოსამართლემ განიხილა ადვოკატების შუამდგომლობები და თავად ბრალდებულმა სიტყვით მიმართა საზოგადოებას, მოწმეები გამოკითხენ. 4 თებერვლის სხდომაზე სასამართლოს წინაშე დაიკითხნენ პოლიციელები, გამომძიებლები და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები.
საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 24 თებერვალს, 12 საათზე ჩაინიშნა.