Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე მოელის, რომ კოვიდით გარდაცვალების შემთხვევები მოიკლებს


რამდენიმე დღეში გახდება ნათელი, კოვიდვითარება წავა თუ არა დაღმავალი ფაზისკენ, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

მისი სიტყვებით, ქვეყანა დღეს, გარკვეულწილად, ეპიდვითარების პიკშია.

„ბოლო ერთ კვირაზე მეტია, ინფიცირების დღიური რაოდენობა 18-24 ათასის ფარგლებში მერყეობს. ვთვლით, რომ პიკში ვართ. დაღმავალი ფაზისკენ წავა თუ არა, უნდა ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რა მონაცემები გვექნება სამშაბათს და ოთხშაბათს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის მოლოდინით, უნდა შემცირდეს სიკვდილიანობის სტატისტიკაც. ის არც კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდას მოელის.

„დღეს 208 745 აქტიური შემთხვევა იყო, აქედან 5 840 არის სტაციონარებში და არ იმატებს მძიმე ავადმყოფთა რაოდენობა - 900-დან 1100-ის ფარგებში მერყეობს. ასევე არ იზრდება რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობაც, ვისაც ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ზოგადადაც, აქტიური შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების პროცენტული მაჩვენებელი სერიოზულადაა შემცირებული - 3%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ „ომიკრონი“ „დელტასთან“ შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე სიტყვებით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, სულ მცირე, 2.5-ზე უნდა გამრავლდეს, რომ რეალური სურათი მივიღოთ.

„დღეს ზეწოლა ძირითადად ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზეა. ნაკლებია ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე. ეს გვაიმედებს, რომ სიკვდილიანობა თანდათან უნდა შემცირდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG