Accessibility links

site logo site logo

კულტურის სამინისტრო: აუდიტის სამსახურმა ეროვნული მუზეუმის საქმიანობაში მძიმე დარღვევები გამოავლინა


კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით და წერს, რომ 4 თებერვალს აუდიტის სამსახურის მიერ ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ დასკვნაში „მძიმე დარღვევებია გამოვლენილი“.

გეგმური აუდიტორული შემოწმება მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის პერიოდს მოიცავს. კულტურის სამინისტროს განცხადებით, როგორც წინა, 2016 წელს ჩატარებულ და 2013 წელს ჩატარებულ დასკვნებში, „მიმდინარე წლის 4 თებერვლის დასკვნაშიც მძიმე დარღვევებზეა საუბარი“:

„მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და აუცილებელი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, რომელიც აუდიტის ანგარიშს ეყრდნობა, ეროვნულ მუზეუმში კვლავ არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი; დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები; მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება; რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების რისკს.

განცხადების თანახმადვე, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს ექსპონატების აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბაზა; ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ექსპონატების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი. შესაბამისად, ვერ ხერხდება შედეგების, დანაკლისის/ზედმეტობის დადგენა. აღრიცხვა-შეჯერების პროცესის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან და შემდგომ პერიოდებში შემოერთებული მუზეუმებიდან არ მომხდარა ფონდების და, შესაბამისად, ექსპონატების ოფიციალურად გადაბარება; ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი 944 ექსპონატიდან დაბრუნდა − 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს, აქედან, 321-ს ვადა გაუგრძელდა ორჯერ, თითო წლით. მათ შორის, ქვეყნის გარეთ გატანილია 722 ექსპონატი, დაბრუნებულია - 426, ხოლო ვადა გაუგრძელდა -296-ს.

განცხადების თანახმადვე, რომელიც სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეყრდნობა, ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან: „აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს“.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რამდენიმე ფაქტზე:

„მათ შორის, აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა წინა წლებში გაფორმებული 16 საიჯარო ხელშეკრულება. იჯარის საგანია 3245,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 685 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში 18 საიჯარო ფართებზე კომუნალური ხარჯების აღრიცხვისა და გადახდის ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა და ანაზღაურება განხორციელებულია ეროვნული მუზეუმის მიერ. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეებზე ირიცხებოდა 32 915 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაიზარდა 346 245 ლარით და შეადგინა 379 160 ლარი (აქედან, 241 083 ლარი − ძირითადი თანხა, 138 077 ლარი − საურავი). ამ თანხის დიდი ნაწილი ექვემდებარება ჩამოწერას. ანგარიშში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ, მუზეუმის მიერ იჯარით გაცემულ ფართებზე გაწეული კომუნალური ხარჯების ანაზღაურება არის საჯარო სახსრების არამიზნობრივი და არამართლზომიერი ხარჯვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე, დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებით სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა იწვევს შემოსავლების შემცირებას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ფართით მოსარგებლეებს, რის გამოც საანგარიშო პერიოდში მუზეუმმა დაკარგა 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი“, - წერია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

ეროვნული მუზეუმის შესახებ კრიტიკულ განცხადებებს უკვე თვეებია არ ერიდება კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი. 2021 წლის დეკემბერში, პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას თეა წულუკიანმა თქვა, რომ "2012 წლამდე საელჩოებისთვის გადაცემული 117 ექსპონატიდან, რომლებიც ძვირადღირებული, ძვირფასი ფერწერული ტილოებია, 53 სავარაუდოდ, დაკარგულია".

იანვრის ბოლოს ეროვნულმა მუზეუმმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში შემავალი მუზეუმებიდან ექსპონატების დაკარგვის შესახებ განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადებაში ეროვნული მუზეუმი საუბრობს დანაკარგებზე, რომლებიც ეროვნულ გალერეაში 1950-იანი წლებიდან 2005 წლამდე პერიოდში იყო და ესაა 59 ექსპონატი, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა საელჩოში გაიტანეს და შემდეგ ვეღარ იპოვეს. ყველაზე მეტი, 46 ექსპონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოდან არის გამქრალი. ეროვნული გალერეა ეროვნულ მუზეუმს 2007 წელს შეუერთდა, თავად ეროვნული მუზეუმი კი 2004 წელს შეიქმნა. 2012-2021 წლებში ეროვნულ გალერეას და ეროვნულ მუზეუმს 500-ზე მეტი ექსპონატი დაუბრუნდა.

"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნის დღიდან, ჩვენს გაერთიანებაში შემავალი მუზეუმებიდან, მათ შორის ხელოვნების მუზეუმიდან, არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა", - ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებების საპასუხოდ, ხელოვნებათმცოდნეების ნაწილი ამბობს, რომ მინისტრის ხმამაღალი ბრალდებები მტკიცებულებებს მოკლებულია და სხვა არაფერია, თუ არა „ფსევდოპატრიოტული რიტორიკით ყალბი შიშის თესვა“.

თეა წულუკიანის განცხადებების კვალდაკვალ, იანვრის შუა რიცხვებში, ხელოვნების მუზეუმიდან გაათავისუფლეს სამი დიდი ფონდის კურატორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG