საფრანგეთიდან საქართველოში გადმოსვენებული გენერლის, გიორგი კვინიტაძის, საფლავის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან.
სიუჟეტში აღწერილია გენერალ კვინიტაძის საფლავის ამჟამინდელი მდგომარეობა და აღნიშნულია, რომ საფლავი, მისი საქართველოში გადმოსვენებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, კვლავ მოსაპირკეთებელია:
თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "დეზინფორმაციულ კამპანიას" უწოდებენ:
"მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე, როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება“, - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალი გიორგი კვინიტაძე საფრანგეთიდან საქართველოში 2021 წელს გადმოასვენეს. ის თბილისში, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია სიმბოლურად დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გაიმართა.
გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში, საფრანგეთში წავიდა.
"არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა", - ეს გიორგი კვინიტაძის სიტყვებია. მან ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 1970 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა.
დაწერეთ კომენტარი