სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო რეჟისორ რობერტ სტურუასთვის 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
სააგენტო განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა სამინისტროს სახელზე.
უწყების განცხადებით, რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია და არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება:
„რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება“.
ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადების თანახმად, რაც შეეხება უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს, მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს მათ კომპეტენციას აღარ განეკუთვნება.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ რობერტ სტურუასთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველმა“ 5 თებერვალს გაავრცელა.
საუბარია თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, სოფელ თხინვალაში არსებულ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთსა და მასზე აშენებულ ნაგებობაზე. ნაკვეთის ჯამური ფართობი 1500.00 კვ.მ.-ია.
აღნიშნულ ნაკვეთთან დაკავშირებით საჯარო რეესტრის ბაზაში სულ 21 ამონაწერი იძებნება. ამონაწერების თანახმად, გასული წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით მიწის მესაკუთრე ჯერაც სახელმწიფო იყო.
უკვე ნოემბრის დასაწყისში, რეესტრის ბაზაში იძებნება განცხადება, რომელშიც დაინტერესებულ პირად რობერტ სტურუაა მითითებული.
16 ნოემბერს გაკეთებულ ამონაწერში ნაკვეთის მესაკუთრედ უკვე რობერტ სტურუა ფიქსირდება. თუმცა, ნოემბრის მიწურულს, რობერტ სტურუამ ნაკვეთი აჩუქა როინ ნოზაძეს, რომელიც მანამდე რეესტრის ბაზაში ატვირთულ დოკუმენტებში მის წარმომადგენლად ფიქსირდებოდა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, მალევე, როინ ნოზაძემ ნაკვეთი გაყიდა. მიწა შპს “ჯეო-ოლიმპი”-მ შეიძინა.
დაწერეთ კომენტარი