Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი: სტრატეგიულ შეიარაღებაზე მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებზეა დამოკიდებული


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის განყოფილების უფროსი ვლადიმირ ერმაკოვი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის განყოფილების უფროსი ვლადიმირ ერმაკოვი.

რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მნიშვნელოვანწილად იქნება დამოკიდებული უსაფრთხოების გარანტიებზე, რომელთა შესახებ მოთხოვნები კრემლმა დასავლეთს დეკემბერში წარუდგინა უკრაინის გარშემო კრიზისის ფონზე.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი და შეერთებული შტატებისა და ნატოსგან მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და წევრებად არ მიიღებს უკრაინას და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. დასავლეთმა უკუაგდო რუსეთის მოთხოვნა.

7 თებერვალს „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და კონტროლის განყოფილების უფროსმა, ვლადიმირ ერმაკოვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებებს პრიორიტეტი ენიჭება სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის თაობაზე მოლაპარაკებებთან შედარებით.

„სტაბილურობის თაობაზე ამერიკელებთან ჩვენი მოლაპარაკებები დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გადაიჭრება უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ მომენტისთვის არ არის მიღწეული გაგება სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ახალი შეხვედრების გრაფიკის თაობაზე“, - თქვა მან.

ერმაკოვმა გაიმეორა დასავლეთის მიმართ რუსეთის მოთხოვნები, მისი თქმით, აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების „დაუშვებლობისა“ და „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალებისა და დეტალების კონფიგურაციის 1997 წლის მდგომარეობაში დაბრუნების“ შესახებ.

სტრატეგიული შეიარაღების კონტროლის შეახებ ახალი მოლაპარაკებები არ არის დაგეგმილი.

1997 წლიდან მოყოლებული, ნატო გაფართოვდა და ამჟამად 30 წევრისგან შედგება. მას შემდეგ ალიანსში გაწევრიანდნენ ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების რამდენიმე წევრი და ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა: ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი.

XS
SM
MD
LG