Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა დადგენილების პროექტი, რომელიც პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის მიერ ინიცირებული პროექტი გულისხმობს „სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას".

პროცედურის თანახმად, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას კენჭისყრისთვის საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება. რეგლამენტის მიხედვით, გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მიიღება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 ხმა) მხარდაჭერით.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმას ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ გარეშე, დამოუკიდებლადაც შეაგროვებს.

„ნაციონალური მოძრაობის" მიერ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის ძირითადი მიზანი, სწორედ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო.

მეათე მოწვევის პარლამენტში 2020 წლის არჩევნებით არჩეულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მუშაობა რამდენიმეთვიანი ბოიკოტის შემდეგ, 2021 წლის 8 ივნისს დაიწყო. პარტია მიიჩნევდა, რომ არჩევნები სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ გაყალბდა.

"ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რაც ფრაქცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. მიზეზი 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობა გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG